შალვა პაპუაშვილი: ბრალდებებით უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ
ბრალდებებით უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უნგრეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის მზადების შესახებ წინასწარ იცოდა.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გვესმის ასეთი სახის ბრალდებები. ბრალდებები მოვისმინეთ საქართველოს სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართ, ახლა უნგრეთის მიმართ გვესმის. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ნატო-ს წევრ ქვეყანას ბრალდებას წაუყენებ, რომ ის რუსეთთან კავშირშია. მე გუშინაც ვთქვი კომენტარში, რომ, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ამით უკრაინის სტრუქტურები საკუთარი განცხადების დამაჯერებლობას აზიანებენ და შედეგიც არის, ვხედავთ, რომ საზოგადოებაში ამაზე რეაქცია აღარაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.