სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.1 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.8 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.