ბექა ოდიშარია: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მუშაობის ვექტორი დიასპორელთა ბიზნესში ჩართვაზე მივმართოთ
„საგრანტო პროგრამების წარმატებით განხორციელება ხელს უწყობს სამშობლოსთან ქართული დიასპორების კავშირების განმტკიცებას, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მუშაობის ვექტორი დიასპორელთა ბიზნესში ჩართვაზე მივმართოთ”, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე.
დღეს, კომიტეტის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა ისაუბრა განხორციელებულ აქტივობებზე, მიმდინარე პროექტებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მუხრან გულაღაშვილმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა თავის საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ მიმართულებას დაუთმო და რამდენიმე ბიზნეს ფორუმი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა ბევრი ქვეყნიდან. მისი თქმით, წელს დასრულდება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების” შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა.
მუხრან გულაღაშვილმა, თავის გამოსვლაში, ისაუბრა სახელმწიფო საგრანტო პროექტებზე: „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა”, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” და „უცხოეთში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მხარდაჭერა”. ბექა ოდიშარიას განცხადებით, ყურადღება უნდა მიექცეს პროექტს „პატრიოტი დიასპორელი”, რომელიც, ზოგადად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ერთმანეთთან დაახლოებას ხელს უწყობს. მისი თქმით, კომიტეტი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების” შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთვება.