”გაზპრომბანკის” ვიცეპრეზიდენტი უკრაინაში გაიქცა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს
”გაზპრომბანკის” ვიცეპრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი უკრაინაში გაიქცა და თავდაცვის ძალებში გაერთიანებას გეგმავს. The Insider-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, იგორ ვოლობუევმა განაცხადა, რომ ის სუმის ოლქში, ქალაქ ოხტირკაში დაიბადა და უკრაინაში სამშობლოს დასაცავად დაბრუნდა.
”რუსეთში ვეღარ გავჩერდებოდი. მე ეროვნებით უკრაინელი ვარ, ახტირკაში დავიბადე, შორიდან ვეღარ დავაკვირდებოდი, რასაც რუსეთი ჩემს სამშობლოში აკეთებს. უკრაინაში ჩემი დაბრუნება მონანიებას ჰგავს. მინდა, ჩემი რუსული წარსული ჩამოვიბანო და დავრჩე უკრაინაში მანამ, სანამ არ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვოლობუევმა.
მანვე აღნიშნა, რომ 2004 წლიდან სურდა უკრაინაში დაბრუნება, მაგრამ ეს ოჯახური მიზეზების გამო ვერ შეძლო.
ვოლობუევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას “სამხედრო დანაშაული” უწოდა.
”ეს არის დანაშაული პუტინის, რუსეთის მთავრობის და, ფაქტობრივად, რუსი ხალხის მხრიდან იმიტომ, რომ აქ პუტინი არ კლავს უკრაინელებს, პუტინი არ იპარავს ტუალეტის თასებს, პუტინი არ აუპატიურებს ქალებს. ეს რუსი ხალხია. მე, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით უკრაინელი ვარ, ამაზე პასუხისმგებლობა მეკისრება. ამის მრცხვენია, ამას მთელი ცხოვრება ვნანობ, რადგან ორმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია – უბრალოდ, რუსი არ ვარ. მე აქ დავიბადე, 18 წელი ვიცხოვრე“, – ამბობს ვოლობუევი.