კულტურის სამინისტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასილ ჩიგოგიძეს იუბილეს ულოცავს
ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, ვასილ ჩიგოგიძეს 70 წელი შეუსრულდა. კულტურის სამინისტრო ულოცავს მას იუბილეს და ინფორმაციას ავრცელებს.
„ვასილ ჩიგოგიძე არის თბილისის მეტეხის ახალგაზრდული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1975-1976 წლებში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის მახარაძის (ოზურგეთის) სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი. 1976-1980 წლებში ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1980 წლის 1 სექტემბრიდან 1996 წლის ბოლომდე იყო ალექსანდრე წუწუნავას სახელობის მახარაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი: 1996-1998 წლებში ტელეკომპანია „გურიას“ სამხატვრო ხელმძღვანელი; 1998-2003 წლებში გურიის კულტურის სამხარეო სამმართველოს უფროსი; ზუგდიდის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2000 წლამდე); 2000-2003 წლებში ოზურგეთის რაიონის გამგებლის მოადგილე; 1985 წლიდან დღემდე არის საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამგეობის წევრი, ხოლო 2018 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე საზოგადოების გურია-სამეგრელოს განყოფილებას.
2009 წლიდან ვასილ ჩიგოგიძე ლიეტუვის და საქართველოს მეგობრობის ცენტრის (არასამთავრობო ორგანიზაცია) თანათავმჯდომარეა; ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და ლიეტუვის ბავშვთა და მოზარდთა ხელოვნების საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების „BUEN VIAJE” სამხატვრო ხელმძღვანელი; ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის „ჩვენ მშვიდობა“ მთავარი რეჟისორი.
2013 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.
ვასილ ჩიგოგიძის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია:
ნ. დუმბაძე, „მონატრება“, ჟ. ანუი, „ანტიგონე“, ა. კერტისი, „დღეობა“, ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე, „მე ვხედავ მზეს“, ე. დე ფილიპო, „ცილინდრი“, პ. მერიმე, „ქალი ალქაჯი ანუ წმინდა ანტონიოს ცდუნება“, ა. ჩეხოვი, „დათვი“, „ხელის თხოვნა“ (ს. კიკვიძესთან ერთად), გ. კეჭაყმაძე, „ოქროს ნალი“ (ე. ნინოშვილის მიხედვით), ა. აბდულინი, „მეცამეტე თავმჯდომარე“, გ. ფეგერეიდო, „მელა და ყურძენი“ (ეზოპე), დ. კლდიაშვილი, „ქამუშაძის გაჭირვება“, ე. მაკიონოკი, „ტრიბუნალი“ .
ვასილ ჩიგოგიძე არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, 2021 წ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ჯილდო „ქართული სცენის დესპანი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია, 2018 წეს – ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, 2018 წ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, 2012 წ. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავი, 1998 წ. „ღირსების ორდენი“, 1988 წ. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ა.შ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ვასილ ჩიგოგიძეს იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ მრავალ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.