ნიკა მელია: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული – ასე ინება განგებამ
მინდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვო, ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალურად, რომ ქვეყანა არ ასცდეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ჩვენს გეზს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული, დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
„საქართველოს ხელისუფლება ერთი ხელით ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ მისი არჩევანი არის ევროატლანტიკური და თითქოს ავსებს კითხვარს, მეორე მხრივ, მთელი მსოფლიოს თვალში პირდაპირ ეთერში წამებით კლავს პრეზიდენტ სააკაშვილს, რითაც განზრახ ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელსაც დასავლური ღირებულებები ეფუძნება. მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს, მათი მხრიდან გადაიდგას ძალიან აქტიური ნაბიჯები მთავრობასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რომ ჩვენი ერის ევროპული და დასავლური მისწრაფება არ დარჩეს მისწრაფებად და რეალობად იქცეს.
ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ეს ბოროტი, წინასწარ განზრახული ქმედებები და იდგმება ნაბიჯები,რომელიც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეს ნაბიჯები არ ანადგურებს მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ ამ ქვეყნის დასავლურ, კეთილ და ნათელ მომავალს ანადგურებს. მინდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვო, ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალურად, რომ ქვეყანა არ ასცდეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ჩვენს გეზს. ასე ინება განგებამ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული, დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.