“როდესაც ერთმანეთს სააღდგომო სურათებს უგზავნით და ტკბებით მშვიდობით, მარიუპოლში მტერი ბომბებს ისვრის უდანაშაულო ბავშვების თავზე” – “აზოვის” ბატალიონი მსოფლიოს დახმარებას სთხოვს

„აზოვის“ ბატალიონის ხელმძღვანელის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა მთელ მსოფლიოს მიმართა, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა გადაარჩინონ ხალხი მარიუპოლში. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

როგორც პალამარმა უკრაინულ მედიასთან აღნიშნა, მარიუპოლში მშვიდობა არ არის. ყოველ სამ წუთში საავიაციო ბომბები ვარდება, ხოლო რუსები უკრაინელი მცველების პოზიციების შტურმს ცდილობენ.

„დღეს დიდი დღეა და მიუხედავად ამისა მტერი ავიაბომბების ჩამოყრას აგრძელებს, ისვრის საზღვაო არტილერია, ტანკები, ხმელეთზე შტურმს ცდილობენ. მე მინდა, რომ ამ დღეს ფრონტზე, ან საკუთარ სახლში ან სხვაგან ყველამ გადააფასოს ღირებულებები. ომის მე-60 დღეს, ვფიქრობ ყველა მიხვდა, რომ მატერიალური – ეს არაფერია, იმასთან შედარებით რომ საკუთარი შვილის ჩახუტების, ახლობლებთან საუბრის, სიჩუმით დატკბობის საშუალება გქონდეს…

იმ დროს, როდესაც თქვენ ერთმანეთს სააღდგომო სურათებს უგზავნით და ტკბებით მშვიდობით, მარიუპოლში მტერი ბომბებს ისვრის უდანაშაულო ბავშვების თავზე“, – ამბობს პალამარი.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ძალისხმევას არ იშურებს მარიუპოლიდან ხალხის გასათავისუფლებლად და ასევე მოუწოდა მთელ მსოფლიოს გააკეთოს ყველაფერი ამისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები