ტაივანი კიევს 8 მილიონი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ვუს განცხადებით, მათი ქვეყანა უკრაინის დედაქალაქ კიევს 8 მილიონი დოლარის დახმარებას გაუგზავნის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დახმარება მოიცავს 3 მილიონ აშშ დოლარს კიევის მთავრობისთვის და დამატებით 5 მილიონ აშშ დოლარს ექვსი ადგილობრივი საავადმყოფოსთვის. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ტაივანმა ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანას დახმარება გაუგზავნა.
ჯოზეფ ვუმ კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ვიდეო საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში არა მხოლოდ დიდი ზიანი მიაყენა უკრაინელ ხალხს, არამედ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს და დემოკრატიულ საზოგადოებას.
მანვე დასძინა, რომ ტაივანი და უკრაინა არიან პარტნიორები, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიულ იდეოლოგიას და ტოტალიტარიზმის ექსპანსიის ჩაშლის წინა პლანზე იმყოფებიან.