2003 წლიდან პირველად – იაპონიამ სამხრეთ კურილები ოკუპირებულ ტერიტორიად მოიხსენია
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “დიპლომატიის ლურჯ წიგნში” ,19 წლის შემდეგ, “ჩრდილოეთის ტერიტორიები”(სამხრეთ კურილები), როგორც “ოკუპირებული” – განსაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას NHK ავრცელებს.
იაპონიის საგარეო უწყებამ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია დაგმო და განაცხადა, რომ ამ ფონზე რთულია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე საუბარი.
უწყების მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ჩრდილოეთის ტერიტორიები იაპონიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამჟამად ისინი რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული“.
აღსანიშნავია, რომ ტოკიო 2011 წლიდან კუნძულებს “იაპონიის კუთვნილებად” მოიხსენიებდა და 2003 წლიდან ფორმულირებას “ოკუპაცია” არ იყენებს.
რუსეთმა და იაპონიამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს, ამას კურილის კუნძულებთან: კუნაშირთან, შიკოტანისთან, იტურუპსა და ხაბომაის ქედებთან დაკაშირებული დავა აფერხებს, რომლებიც ომის შემდეგ სსრკ-ს კონტროლქვეშ მოექცა.
ტოკიო მათ დაბრუნებას ითხოვს, მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ტერიტორიები ლეგალურად გადავიდა სსრკ-ს შემადგენლობაში.
უკრაინაში შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთს სანქციები დაუწესა.
21 მარტს კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებს – “იაპონიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ცალმხრივი შეზღუდვების არამეგობრული ხასიათის გამო”.
გარდა ამისა, მოსკოვმა კურილის კუნძულებზე იაპონელების უვიზო ჩასვლა შეაჩერა, ასევე, კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დამყარების შესახებ დიალოგიდან გავიდა.