სოზარ სუბარი – მიხეილ სააკაშვილზე: უამრავჯერ მოვისმინეთ, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა, დღემდე ჯანმრთელია და კარგად არის

მე მჯერა, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ მის ჯანმრთელობას საკმარისი ყურადღება მიექცეს და მას არაფერი დაუშავდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გაცილებით მძიმე ავადმყოფები გვინახავს და 2012 წლის შემდეგ ყველას სათანადო ყურადღება ექცევა.

„არ მინდა ძალიან ცინიკური ვიყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ერთ-ერთ არხზე, მას შემდეგ, რაც საჯარო გახდა ბაკურიანის შეკრება უსისხლო რევოლუციის ორგანიზებაზე, პირდაპირ იწინასწარმეტყველა, რომ ახლა მორიგ სასამართლო სხდომაზე ჩვენ ვიხილავთ როგორ გახდება სააკაშვილი ცუდად და სამწუხაროდ დღეს ეს ვიხილეთ.

ამ თვეების განმავლობაში მოვისმინეთ უამრავჯერ, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლე დარჩა. გიორგი ბარამიძემ გამოაცხადა და დღემდე ჯანმრთელია და კარგად არის. გახსოვს, როგორ ხდებოდა მისი დასხივება საავადმყოფოს ეზოში არსებული მანქანიდან და მეორე არა და მესამე დღეს დაივიწყეს ეს თემა. ფარმაკოლოგიური წამება საერთოდ ევროსასამართლომაც უარყო და სახალხო დამცველის მიერ დანიშნულმა სამედიცინო კომისიამაც. ინვალიდიზაცია ხდებაო და არც ეს არ გამართლდა.

მე მჯერა, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ მის ჯანმრთელობას საკმარისი ყურადღება მიექცეს და მას არაფერი დაუშავდეს, გაცილებით მძიმე ავადმყოფები გვინახავს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში და ყველას ექცევა სათანადო ყურადღება 2012 წლის მერე. 2012 წლამდე რომ არ ექცეოდა ყურადღება ამიტომ იყო რომ წელიწადში 140-150 კაცი კვდებოდა და ახლა კვდება 15 ადამიანი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები