ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა ციფრული მმართველობის სააგენტოში გამართა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ კიბერუსაფრთოების საკითხებზე სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოში შეხვედრა გამართა.
NATO-ს დელეგაციის ციფრული მმართველობის სააგენტოში ვიზიტის მიზანს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, შესაბამისი პერსპექტივებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა ისაუბრეს კიბერ და ჰიბრიდული პოლიტიკის მიმართულებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში სააგენტოს უფლებამოსილების, მისი ძირითადი საჭიროებებისა და საქართველოს საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩარჩოების შესახებ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიბერთავდასხმები დიდ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას, რომლის წინაშეც შესაძლოა, აღმოჩნდეს საქართველოც.
,,სრულად ვიზიარებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, რომ ასეთ დროს ფხიზლად უნდა ვიყოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ და გავაძლიეროთ კიბერუსაფრთხოება იმ ტექნოლოგიების მიმართ, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ“, – აღნიშნა დავით ნადირაშვილმა.