“შოიგუმ ინფარქტი გადაიტანა; თუ გადარჩება, შესაძლოა, ინვალიდად დარჩეს” – რუსი ბიზნესმენი

ისრაელში მცხოვრები, რუსული ნავთობკომპანია “იუკოსის” ყოფილი თანამფლობელი, ლეონიდ ნევზლინი, რომელიც მოსკოვის ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან კავშირებს ინარჩუნებს, ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ინფარქტი გადაიტანა.

მისი ინფორმაციით, შოიგუ საავადმყოფოშია და შესაძლოა, ინვალიდად დარჩეს.

ამის შესახებ ნევზლინმა, სოციალურ ქსელში, მოსკოვში წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.

“შოიგუ თამაშს გამოეთიშა, თუ გადარჩა, შესაძლოა, ინვალიდი გახდეს. მოულოდნელად, მას გულის მასიური შეტევა დაემართა, ის რეანიმაციაშია, მიერთებულია ტექნიკას”, – წერს ბიზნესმენი.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალია დაკავებული. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, ოფიციალურმა პირებმა ბევრი ფული მოიპარეს, რომელიც პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრის მოსამზადებლად გამოყო.

„დაპატიმრებულია თავდაცვის სამინისტროს 20 გენერალი. ყველა შტაბის ოფიცერი. აქ ყველაფერი ნათელია – რუსეთის განმათავისუფლებელთა არმიის საზეიმო დახვედრისთვის უკრაინის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის მოსამზადებლად გამოყოფილი ფულის სრული გაფლანგვაა. 2014 წლიდან, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარია მოპარული, რომელიც პუტინმა ბლიცკრიგისთვის გამოყო”, – წერს ნევზლინი.

მისი თქმით, ირკვევა, რომ რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერის, არკადი დვორკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მზადდება.

ნევზლინის თქმით, კრემლის იდეოლოგი, ვლადისლავ სურკოვი შინაპატირმობაშია.

რუსეთში ნევზლინის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. კრემლში ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ ინფორმაციას შოიგუს შესაძლო ინფარქტის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები