“მოძმე” ხალხი არ კლავს ბავშვებს, არ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებს ქალებს” – უკრაინის საგარეო უწყებაში მაკრონს უპასუხეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც უკრაინელებს და რუსებს „ძმები“ უწოდა.
როგორც უწყების პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ თქვა, ”უკრაინა და რუსეთი ისტორიულად არიან ახლოს ობიექტური მიზეზებით, მაგრამ ორი “მოძმე” ხალხის შესახებ მითმა დაიწყო ნგრევა ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში აგრესიის შემდეგ”.
მისი თქმით, მაშინ რუსი „ძმები“, თითქოს, რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად შევიდნენ უკრაინის მიწაზე, მაგრამ რვა წლის განმავლობაში 14 000 უკრაინელი მოკლეს.
„ეს მითი საბოლოოდ განადგურდა, როდესაც თებერვალში პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებში ჩამოვარდა. „ძმური“ ხალხი არ კლავს ბავშვებს, არ ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებს ქალებს, არ ასახიჩრებს მოხუცებს და არ ანადგურებს სხვა „მოძმე“ ხალხის სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი, დაუცველი ადამიანების წინააღმდეგ სიმხეცეს არ მიმართავენ“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.
ასევე, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, გულდასაწყვეტია, რომ მაკრონი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს “გენოციდს” არ უწოდებს.