ხერსონის ოლქში დღეიდან ხელფასების და პენსიების გაცემა დაიწყება

 

ხერსონის ოლქში ხელფასებისა და პენსიების გაცემა დღეიდან დაიწყება.

ამის შესახებ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის “ფეისბუკ” გვერდზეა ნათქვამი.

“გაცნობებთ, რომ ხაზინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარებულია. გაცემები დღეიდან დაიწყება. საუბარია პენსიებსა და საჯარო სექტორის თანამშრომლების ხელფასებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გუშინ, რუსი ოკუპანტების მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის მერმა, იგორ კოლიხაევმა გადახდების განბლოკვა მოითხოვა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქში ცხოვრება დამთავრდება და ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის გაჩენისკენ.

როგორც ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იური სობოლევსკი აღნიშნავს, ოკუპანტები ცდილობენ, შექმნან ისეთი სურათი, თითქოს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხერსონელები მიატოვა. მისი თქმით, ხერსონში ყირიმის სცენარმა ვერ იმუშავა, ამიტომ, მტერი ბლოკავს “მწვანე დერეფნებს”, ევაკუაციას, იტაცებს აქტივისტებს. ასევე, მთელი ძალით ცდილობს, “ჩამოაყალიბოს მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და საზოგადოებრივი აზრი”.

ხერსონის ოლქში მოსახლეობა რუსი აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მართავს. რუსი სამხედროები ხალხის წინააღმდეგ ძალასა და იარაღს იყენებენ.

რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებენ, მათ შორის, ჟურნალისტებს, თემის ლიდერებს, დეპუტატებს და აქტივისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები