სამხედრო ექიმებს სერთიფიკატები გადაეცათ
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვარლამ ავალიანმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრეჰოსპიტალური და ჰოსპიტალური სექტორის პროფესიული კადრების გადამზადების პროექტის ფარგლებში 32 ექიმს სერთიფიკატები გადასცეს. მათ შორის იყო 11 სამხედრო, 11 სასწრაფო სამედიცინო დახმარების და 10 ოჯახის ექიმი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მიმდინარე წლის 30 ივნისს დაიწყო და ერთ თვეს მიმდინარეობდა. სწავლების ამ ეტაპზე 171 ექიმი გადამზადდა (მათ შორის 49 სამხედრო ექიმი, შიდა ქართლის რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების 64 და 58 სოფლის ექიმი) თბილისში, გორში, ქარელსა და კასპში. სწავლების დასკვნით ეტაპზე კურსდამთავრებულმა ექიმებმა სიმულაციური ვარჯიში წარმოადგინეს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის და სასწავლო ცენტრის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.