„იცხოვრა ანზორ დოლენჯაშვილმა და ერთის კი არა, ასი კაცის საქმე გააკეთა“!
„მრავალტანჯული სამშობლოს დაკარგულ ტერიტორიაზე თავშეწირული სამსახური ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ტოლფასია და დარწმუნებული ვარ, შენი ღვაწლი, წმინდა მისია ჩვენს გვარსაც მადლად ექცევა“, – ასე ეხმაურება ილია ჭავჭავაძის სახელობის ალიბეგლოს (საინგილო) ქართული სახალხო თეატრის დამააარსებლის, მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის ანზორ დოლენჯაშვილის გარდაცვალებას კარდანახის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა დოლენჯაშვილი.
„მეგობრებო, ჩემო დოლენჯაშვილებო, გუშინ, ხარებას, ჩვენი ანზორ დოლენჯაშვილი გარდაიცვალა! ჩემი ნათესავი, ბავშვობის მეგობარი, ჩემი სიამაყე და დიდი ტკივილი, ჩემი ანზორ დოლენჯაშვილი, რომელიც 5 ოქტომბერს 67 წლის გახდა!
დავმუნჯდი, ნინოს განცხადება რომ წავიკითხე! ავად იყო, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ხანგრძლივი სიცოცხლით იცოცხლებდა! ძალიან მიყვარდა, სულ დაძაბული ვადევნებდი თვალს მის ეროვნულ და შემოქმედებით მოღვაწეობას და მიკვირდა, რატომ?
თეატრალური ინსტიტუტი რომ დაამთავრა და მითხრა საინგილოში მივდივარ, ალიბეგლოს თეატრი უნდა აღვადგინო და ილია ჭავჭავაძის სახელი მივანიჭოო, შემეშინდა, არ გაწირონ-მეთქი! როცა მართლა გაწირეს, მეფე გიორგის მონოლოგი გამახსენდა: „…ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“…
და დაკორტნეს ჩემი ანზორი, წამების გვირგვინი დაადგეს, არც გამკვირვებია! რა უნდა გაგვიკვირდეს დიდი ილიას მკვლელობის შემდეგ?! ჩვენ ხომ წმინდა ილია მართლის თმის ერთ ღერსაც ვერ შევედრებით?! იცხოვრა ანზორ დოლენჯაშვილმა და ერთის კი არა, ასი კაცის საქმე გააკეთა! იფიქრა, იშრომა, დაუტოვა ქვეყანას თავისი შემოქმედებითი შრომის ნაყოფი, ხუთი საუკეთესო შვილი – თამარი, ნინო, გიორგი, მარიამი, დემეტრე, დაგვიტოვა ტკივილიანი სიამაყე და წავიდა! მე დამიტოვა – სიხარულით ანთებული თვალები, გუბაზ მეგრელიძესთან ერთად რომ მოვინახულე ინფარქტგადატანილი და შემდეგ უკვე ინსულტგადატანილმა გურჯაანში, სამსახურში რომ მომაკითხა, მომეფერა, ჩემო შთამბეჭდავო, რომ არ მენახე, არ შემეძლოო, მითხრა! ვიგრძენი, ცრემლი გადაყლაპა, მაგრამ მაინც გამიღიმა თვალანთებულმა!
მადლობა, ჩემო ანზორ, შენი ეროვნული სულისთვის, ეროვნული ღირსებებისა და ღირებულებებისადმი ნაყოფიერი, მნიშვნელოვანი, თავდაუზოგავი ერთგულებისათვის!
სამშობლო ღვთიური მცნებაა, სამშობლოს სიყვარული ღვთის სამსახურია! მრავალტანჯული სამშობლოს დაკარგულ ტერიტორიაზე თავშეწირული სამსახური ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ტოლფასია და დარწმუნებული ვარ, შენი ღვაწლი, წმინდა მისია ჩვენს გვარსაც მადლად ექცევა, ჩემო კარგო! ხარება დღეს შენი შესვენებაც ნიშანია ღმერთისგან მამულის ერთგული სამსახურის შეწირვისა! უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩემო ანზორ“! – წერს მარინა დოლენჯაშვილი.