ლევან დავითაშვილი: „ნამახვანჰესის“ პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ განხორციელდეს სწორად
„ნამახვანჰესის“ პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ განხორციელდეს სწორად”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით გარკვეული მონახაზები გავლილია და საზოგადოებისთვის კონკრეტული პირობები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
„სამწუხაროა, რომ რეალურად გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი და ეს სამწუხაროდ არის გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მიერ. აქ არ ვსაუბრობ, რომ იყო მხოლოდ ერთი რგოლის პრობლემა. იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, მათ შორის ინვესტორი მხრიდან. ასევე ვფიქრობ, იყო გადამეტებული და გარკვეულწილად უპასუხისმგებლო ქმედებებიც ზოგიერთი ჯგუფის მიერ, რომელმაც ასევე ნეგატიურად იმოქმედა პროექტის გაგრძელებაზე და გარკვეული რისკები შეუქმნა საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით. თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და განხორციელდეს სწორად. მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო ბევრი მსჯელობა და ბევრ კითხვას პასუხი გაეცა. ამიტომ ამაზე ბევრი საუბარი არაა საჭირო. ყველაზე მეტად საჭიროა ქმედებები.
ჩვენ გარკვეული მონახაზები გავლილი გვაქვს, ასევე, ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან. იცით, რომ ჩვენ ენერგოგაერთიანების წევრი ვართ, შესაბამისად, ძირითადი ენერგეტიკული რეფორმები იმ პოზიციებთან უნდა იყოს თანხვედრაში, რაც ევროპას გააჩნია და ჩვენ ჩვენი პოლიტიკის დაახლოებას ვახდენთ. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩვენი შიდა პროექტები უკვე გაზიარებულია. გარკვეული დღეები დაგვჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იხილოს, კონკრეტულად რა პირობებია ამ ახალ ინიციატივებში,“ – აღნიშნა დავითაშვილმა.