ბელგიის წარმომადგენელთა პალატის და სენატის თავმჯდომარეები: საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი

„ბელგიის სამეფოს სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, ჩვენ ვიცით თქვენი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, –  ამის შესახებ ბელგიის სამეფოს სენატის თავმჯდომარემ, სტეფანი დჰომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიანე ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, განხილული თემების შესახებ მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„უკრაინაში ომი ყველა ჩვენს წინააღმდეგ ომია. ეს ომია ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაგმო რუსეთის ქმედებები. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია, გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ საქართველოსა და ბელგიის პარლამენტებს შორის ურთიერთობები, როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკური კავშირები. ჩვენ უკვე კარგი მეგობრები ვართ 30 წელია. საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი”,- განაცხადა სტეფანი დჰომ.

„მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ჩვენ გვინდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება. წელს აღვნიშნავთ მეგობრობის და პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიურ კავშირის 30 წლისთავს. გვინდა, ხაზი გავუსვათ საქართველოსა და ბელგიას შორის ძალიან კარგ ურთიერთობას. კოვიდის გამო სირთულეები გვქონდა და ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს, დღეს ფიზიკურად შეხვედრა პირველად შევძელით. ეს არის სურვილის სიმბოლო, რომ გვინდა, ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და წავიდეთ წინ. ჩვენ ვიცით თქვენი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ელიანე ტილიემ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები