რუსეთის “პირველი არხის” რედაქტორს ჯარის დისკრედიტაციისთვის ბრალი წარუდგინეს
რუსეთის პროკურატურამ “პირველი არხის” ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას მორიგი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად, ჟურნალისტს რუსეთის ჯარების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.
BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი დაარეგისტრირა. ოვსიანიკოვას ბრალად ედება „საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ”, რაც 50 ათას რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 15 მარტს მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი, მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემის დროს, ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით – „არა ომს, შეაჩერე ომი” შევიდა.