“რუსი პროპაგანდისტები უკვე განიხილავენ, თუ როგორ იკავებენ შვედეთის კუნძულ გოტლანდს” – ზელენსკი შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდება და რომ ევროპის სიღრმეში წავა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსი პროპაგანდისტები სახელმწიფო ტელევიზიით უკვე განიხილავენ, თუ როგორ იკავებს რუსეთი, მათ შორის, შვედეთის კუნძულ გოტლანდს და როგორ შეინარჩუნებს მას ათწლეულების განმავლობაში თავის კონტროლის ქვეშ.
“ისინი ამას რუსებს რუკაზე უჩვენებენ, შეტევის მიმართულებას აჩვენებენ. იკითხავთ, რა მიზნით?ამბობენ, რომ რუსეთისთვის მომგებიანია გოტლანდში საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება, ასევე, სამხედრო ბაზის განთავსება ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელში ჩასაგდებად. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა იმიტომ, რომ ევროპისკენ გასვლა უნდა, სურს ევროპაში თავისუფლების განადგურება. ეს არის ფუნდამენტური გამოწვევა ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე მიმართა თავისუფალ სამყაროს თხოვნით, რუსეთის შესაჩერებლად დამატებითი სანქციები დააწესონ.
“ჩვენ არა მხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით, არამედ – ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.