“ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ თუ რუსეთი ალიანსის ქვეყნებს თავს დაესხა, მე-5 მუხლი იმუშავებს და არ შეგეშინდებათ?” – ზელენსკიმ ნატო-ს ლიდერებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არასოდეს უნდოდა ომი “და არც წლობით სურს ბრძოლა. მხოლოდ ჩვენი ხალხის გადარჩენა გვინდა. უბრალოდ, გადარჩენა გვინდა!”.

ამის შესახებ მან ნატო-ს ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

“როგორც ნებისმიერ ერს, ჩვენც გვაქვს ამის უფლება – სიცოცხლის უფლება. ნატო-ს არ ვადანაშაულებ, მე მინდა, გამიგონ. თქვენ არ ხართ დამნაშავე – თქვენი რაკეტები და ბომბები კი არ ანგრევენ ჩვენს ქალაქებს. დღეს, სხვათა შორის, ფოსფორის ბომბები გამოიყენეს – დაიღუპნენ მოზრდილებიც და ბავშვებიც.

უბრალოდ მინდა, იცოდეთ, რომ ალიანსს მაინც შეუძლია, ააცილოს უკრაინელებს სიკვდილი და ამის გაკეთება შეიძლება ჩვენთვის იმ იარაღის გადმოცემით, რომელსაც ვსაჭიროებთ.

დიახ, არ ვართ ალიანსში და პრეტენზია არ მაქვს. მაგრამ უკრაინელებს არასდროს ეგონათ, რომ ალიანსი და ალიანსის სახელმწიფოები  სხვადასხვა რამეა; რომ სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებში ძალა მხოლოდ ერთი ქოლგის ქვეშ ხართ, სხვა შემთხვევაში – არა. არ ეგონათ, რომ ნატო-საც შეიძლება, ეშინოდეს რუსეთის ქმედებების.

დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი უკრაინაში გაჩერებას არ აპირებს. მას უფრო შორს უნდა წასვლა, ნატო-ს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის და სხვების.

აი, მაშინ უკვე აღარ შეეშინდება ნატო-ს? და ვინ შეიძლება, იყოს ამაში დარწმუნებული? ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ მე-5 მუხლი ამ შემთხვევაში იმუშავებს?

ჩვენთვის „ბუდაპეშტმა” ვერ იმუშავა. ჩვენმა ბუდაპეშტის მემორანდუმმა უკრაინაში მშვიდობისთვის არ იმუშავა და გულწრფელად გეტყვით – დღესაც არ მუშაობს “ბუდაპეშტი” უკრაინაში მშვიდობისთვის.

დიახ, ჩვენ ვიღებთ დახმარებას ალიანსის ცალკეული წევრებისგან და უკრაინელები ამის გამო გულწრფელად მადლობელნი არიან თითოეული თქვენგანის, ვინც გასცემთ იმას, რაც გააჩნია და ამით მხარს უჭერს უკრაინას.

მაგრამ რაც შეეხება ალიანსს?  ფუნდამენტური მეხუთე მუხლის საკითხია. უბრალოდ მინდა, იცოდეთ, რას ვფიქრობთ ამაზე და გულწრფელად გისურვებთ, რომ ჩვენ ვცდებოდეთ ჩვენს შეფასებებსა და ეჭვებში და იყოს ისე, რომ თქვენ ნამდვილად ძლიერი ალიანსი ხართ. მაგრამ, თუ ვცდებით?! მაშინ მსოფლიო საფრთხის წინაშეა, თუნდაც ერთი პროცენტით მაინც თუ ვცდებით. გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიდგომებს. გადახედოთ თქვენივე შეფასებებს და უსაფრთხოებაზე რეალურად იზრუნეთ. უსაფრთხოებაზე ევროპაში, შესაბამისად, მსოფლიოშიც.

თქვენ შეგიძლიათ, გადმოგვცეთ თქვენი მთელი ავიაციის მხოლოდ ერთი პროცენტი, თქვენი ტანკების ერთი პროცენტი, მხოლოდ ერთი პროცენტი! უბრალოდ, ამას ვერ ვიყიდით. ასეთი მიწოდება პირდაპირ არის დამოკიდებული ნატო-ს გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე!

ზალპური ცეცხლის სისტემების, გემსაწინააღმდეგო იარაღის, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარეშე შესაძლებელია თუ არა ასეთ ომში გადარჩენა?

და ბოლოს, როდესაც ეს ყველაფერი გვექნება, ეს მოგვცემს ჩვენ, ისევე – როგორც თქვენ, 100 პროცენტით უსაფრთხოების გარანტიას. მხოლოდ ერთი პროცენტი გვინდა, ეს ერთადერთია, რასაც გთხოვთ.

ამ ერთი თვის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ არასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია თქვენს სტანდარტებს არ შეესაბამება. ჩვენ ვაჩვენეთ, როგორი სტა​ნდარტები გვაქვს და რამდენად ბევრი რამის გაცემა შეგვიძლია, რომ აგრესიისგან დავიცვათ ჩვენი ფასეულობები.

მაგრამ ნატო-ს ჯერ კიდევ მოუწევს იმის დემონსტრირება, თუ რის გაკეთებას შეძლებს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად – იმის ჩვენება, რომ ეს არის მართლაც ძლიერი თავდაცვითი გაერთიანება მსოფლიოში.

სამყარო გელოდებათ. უკრაინაც გელოდებათ. ელოდება რეალურ ქმედებებს, რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს მათგან, ვისი სიტყვაც სანდოა და ვის ქმედებებს შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. ნამდვილად შენარჩუნება.

წინადადებები მაგიდაზეა. ჩვენი საჭიროებები – მაგიდაზეა. მშვიდობა – დაუყოვნებლივ გვჭირდება. პასუხები – თქვენზეა”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები