“ყველაზე მძიმეა, როდესაც ომის დროს დახმარების თხოვნაზე მკაფიო პასუხები არ გაქვს” – ზელენსკიმ ნატო-ს ლიდერებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს რიგგარეშე სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც მან ვიდეოფორმატში თქვა, ის მიესალმება ლიდერებს კიევიდან, ქალაქიდან, რომელიც უკვე ერთი თვეა – თავს იცავს და არ დაეცა.

“ისევე, როგორც ჩვენი სახელმწიფო. დიახ, მართალია, ჩვენ არ ვართ ალიანსში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ თავდაცვის გაერთიანებაში. ჩვენ არ ვართ იმ 30 სახელმწიფოთაგან, რომლებიც დაცვის ერთიან ქოლგის ქვეშ იმყოფებიან, მე-5 მუხლის ქოლგის ქვეშ. ისეთი განცდაა, რომ ნაცრისფერ ზონაში ვართ, დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ჩვენ ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს. ჩვენ ნათელი ხალხი ვართ! და უკვე ერთი თვეა, თავს ვიცავთ! გმირული წინააღმდეგობის თვეა, შავი ტანჯვის თვე. მშვიდობიანი სახელმწიფოს განადგურების დაუსჯელობის ერთი თვეა და, მასთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის. ეს ყველაფერი მთელი მსოფლიოს თვალწინ.

ათწლეულების მანძილზე რუსეთმა დიდი რესურსები დააგროვა: სამხედრო რესურსები, ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა, ბომბები და რაკეტები. ისინი არანორმალურად დიდ ფულს დებდნენ სიკვდილში, მაშინ – როდესაც სამყარო სიცოცხლეში ახორციელებდა ინვესტიციას.

მაგრამ უკრაინა დგას! გაბედულად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად, დანგრეული ქალაქების ფასად, თითქმის ათი მილიონი ლტოლვილის ფასად. მათგან სამ-ნახევარი მილიონი უკვე თქვენს ტერიტორიაზეა, ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე.

მადლიერნი ვართ ამ ადამიანების მხარდაჭერისთვის. ხალხი აგრძელებს სახლების დატოვებას, ტერორს გაურბიან, რომელიც ურწმუნოებმა მოიტანეს.

შეჭრის პირველი საათები ჩვენთვის სასტიკ სარაკეტო დარტყმებს ნიშნავდა. ომის ერთ თვეში რუსეთმა ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ ათასზე მეტი სხვადასხვა რაკეტა გაუშვა, ასობით საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგები, ლოგიკური თხოვნით – დაგვეხმაროთ ჩვენი ცის დახურვაში, ნებისმიერი ფორმატით, დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ.

უკრაინას არ აქვს მძლავრი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, მას რუსეთზე გაცილებით მცირე ავიაცია გააჩნია. ამიტომ, ცაში მათი უპირატესობა არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი. დღეს კი ხედავთ შედეგებს – რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი მშვიდობიანი ქალაქი დაინგრა.

უკრაინის არმია უკვე ერთი თვეა, უთანასწორო პირობებში იბრძვის! და უკვე ერთი თვეა, გიმეორებთ ერთ რამეს – ხალხისა და ჩვენი ქალაქების გადასარჩენად, უკრაინას შეუზღუდავად სამხედრო დახმარება სჭირდება. ისევე, როგორც შეზღუდვების გარეშე, იყენებს რუსეთი მთელ არსენალს ჩვენ წინააღმდეგ და ანადგურებს ყველაფერ ცოცხალს, ნებისმიერ ობიექტს – საცხოვრებელი კორპუსებიდან დაწყებული – ეკლესიებამდე, საკვების საწყობებიდან უნივერსიტეტებამდე, ხიდებიდან – საავადმყოფოებამდე.

უკრაინამ თვითმფრინავების გადმოცემისთვის მოგმართათ, რომ ამდენი ხალხი არ დაგვეკარგა. თქვენ ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი გაგაჩნიათ, მაგრამ ჯერ არცერთი არ მიგვიღია!

მოგმართეთ ტანკებისთვის, რომ ჩვენი ქალაქების განბლოკვა შეგვეძლო, რომლებშიც ახლა ადამიანები იღუპებიან, რომლებშიც რუსეთს ადამიანები მძევლებად ჰყავს აყვანილი და შიმშილს ხელოვნურად ქმნის. თქვენ, სულ მცირე, 20 ათასი ტანკი გაქვთ! უკრაინამ პროცენტი მოითხოვა – მთელი თქვენი ტანკების მხოლოდ ერთი პროცენტი გადმოგვეცით ან მოგვყიდეთ! მაგრამ მკაფიო პასუხი არ გვაქვს… ყველაზე მძიმეა, როდესაც ომის დროს დახმარების თხოვნაზე მკაფიო პასუხები არ გაქვს”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები