ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ „თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მას “უკრაინა” ჰქვია. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინის დროშა თავისუფლების დროშაა“ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
ამას გარდა, ფონ დერ ლაიენმა პუტინს მოუწოდა, შავ ზღვაში, რუსეთის პორტებში არ დაბლოკოს გემები, რომლებიც ხორბლის სხვა ქვეყნებში გადასატანად არის განკუთვნილი. ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უკრაინელი ფერმერები ხორბლის დათესვას ვერ ახერხებენ, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის საკვებით უზრუნველყოფას, არამედ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამას, რადგან პროგრამა ხორბლის ნახევარზე მეტს უკრაინიდან იღებს.
„მოვუწოდებ პუტინს, გაუშვას ეს გემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნება პასუხისმგებელი არა მხოლოდ სიკვდილზე, არამედ – საკვების ნაკლებობასა და შიმშილზეც“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.