პარლამენტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ანგარიში მოისმინეს

????????????????????????????????????

აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და 2022 წლის ვალდებულებების შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.

საკითხზე მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ინაურმა კანონმდებლებს გააცნო ინფორმაცია 2021 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც მოიცავს როგორც სექტორულ თანამშრომლობას, ასევე სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ანუ სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიას და მცენარეთა დაცვას.

„სანიტარული და ფიტოსანიტარული სფერო არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველომ შეძლოს სრულად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით და სრულფასოვნად მოახდინოს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. გარდა ამისა, თავად ჩვენი სახელმწიფოსთვისაც უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენივე მოსახლეობას უვნებელ სურსათზე, ვეტერინარიის კეთილდღეობაზე და მცენარეთა სიჯანსაღეზე ჰქონდეს წვდომა”, – განაცხადა მომხსენებელმა და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ყველა ვალდებულება შესრულდეს.

მომხსენებლის, ლაშა ინაურის ინფორმაციით, საქართველოს 2015 წლიდან 2027 წლამდე, ჯამში 270 აქტის დაახლოების ვალდებულება აქვს. გასულ წელს 16 სამართლებრივ აქტთან დაახლოების ვალდებულება იყო. შეთანხმების მიუხედავად, არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის ვალდებულება რელევანტური არ არის საქართველოსთვის, რის შესახებაც ეცნობება ევროკავშირს სათანადო დასაბუთებით. გასულ წელს ასეთი ექვსი აქტი აღმოჩნდა, შესაბამისად ერთობლივი შეთანხმებით, 2021 წლის გეგმის მიხედვით, დაახლოება 10 სამართლებრივ აქტთან მოხდა დაახლოება.

მომხსენებელმა ისაუბრა ასევე კანონმდებლობის დაახლოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე, შესაბამისად, კერძო სექტორთან კომუნიკაციაზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებაზე, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

გეგმებთან დაკავშირებით ლაშა ინაურმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, 2022 წლისთვის დაახლოება 26 სამართლებრივ აქტთან უნდა განხორციელდეს. ლაშა ინაურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა გეგმის შესაბამისად დაწყებულია და პერიოდულად წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. კომიტეტებმა სამინისტროს ანგარიში ცნობად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები