“გერმანიის სპეცსამსახურები დიდი ხანია, გავლენიან რუს იდეოლოგ ალექსანდრე დუგინსა და ევროპაში მემარჯვენე ექსტრემისტებს შორის კონტაქტებს აფიქსირებენ”, – ასეთი პასუხი გასცა ფედერალურმა მთავრობამ მემარცხენე ფრაქციის ექსპერტის შინაგან საქმეთა საკითხებში, მარტინა რენერის ოფიციალურ წერილზე, – წერს სააგენტო dpa.
“მიუხედავად იმისა, რომ დუგინი რუსეთში არ იკავებს ოფიციალურ თანამდებობებს, ის არის მთავარი იდეოლოგიური ფიგურა. დუგინის მიერ გავრცელებულმა ნაციონალისტურმა შეხედულებებმა საფუძველი ჩაუყარა უკანონო თავდასხმას უკრაინაზე”, – ნათქვამია პასუხში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სპეცსამსახურებმა გერმანიაში დუგინის ქსელი გაძლიერებულ მეთვალყურეობაზე აიყვანეს.
„ანალიტიკური ცენტრი „კატეჰონი“, რომელსაც ალექსანდრე დუგინი ხელმძღვანელობს, არის მემარჯვენე ექსტრემისტული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც საზრდოობს ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ იდეებზე. ცენტრის იდეოლოგიური ლაიტმოტივი არის მართლმადიდებელი რუსებისთვის ერთიანი კულტურული სივრცის შექმნა – ისევე, როგორც რუსეთის დომინირება ევროპისა და აზიის უზარმაზარ ტერიტორიებზე”, – ნათქვამია ფედერალური მთავრობის პასუხში.
გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ, „ფაშისტურ იდეოლოგიებთან პარალელების გამო, დუგინი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მემარჯვენე ექსტრემისტულ და მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებთან, პარტიებსა და ინდივიდებთან ევროპასა და გერმანიაში“.
დუგინის იდეოლოგიურმა გავლენამ შეაღწია რუსეთის სახელმწიფო ხელმძღვანელობაშიც.
აღსანიშნავია, რომ ფედერალურ პროკურატურას შეწყვეტილი აქვს გამოძიება ტერორიზმის დაფინანსების შესახებ, რომელშიც დუგინი ფიგურირებს, როგორც ბრალდებულის „საკონტაქტო პირი“.
საუბარია 2019 წლის თებერვლის მოვლენაზე, როდესაც უკრაინაში მდებარე, უნგრეთის კულტურული ცენტრი დაწვეს. სასამართლომ საქმეზე 2020 წელს სამი პოლონელი გაასამართლა.
ერთმა მათგანმა აღიარა, რომ გერმანიის მოქალაქისგან ფული და მოქმედების ინსტრუქციები მიიღო, რომელიც, თითქოს, მცირე ხნით მემარჯვენე პოპულისტური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” ბუნდესტაგის წევრთან, მარკუს ფრონმაიერთან მუშაობდა.
შემდგომში ფრონმაიერმა განაცხადა, რომ ეს თანამშრომელი სამსახურიდან 2019 წლის 15 იანვარს გაათავისუფლეს, ანუ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე.
მარკუს ფრონმაიერი, პარტიის ოთხ წევრთან ერთად, 2018 წელს რუსეთის მიერ ორგანიზებულ და ყირიმში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა და სწორედ ამ საქმეში ფიგურირებდა დუგინი, როგორც ბრალდებულის “საკონტაქტო პირი”.
ავტორი : მონიკა დავლიანიძე