ობიექტური გარემოებები თუ ნავთობკომპანიების ხელოვნური მანიპულაციები – რა იწვევს საწვავის გაძვირებას

საქართველოში საწვავის ფასის ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან მკვეთრმა ზრდამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და გარკვეული კითხვებიც გააჩინა. კითხვები, ძირითადად, საწვავის ღირებულებასა და საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ნავთობკომპანიების წარმომავლობას ეხება. უფრო კონკრეტულად კი, საზოგადოებას აინტერესებს, საწვავის ფასის ასეთი ზრდა ხომ არ არის კომპანიების მხრიდან ხელოვნური მანიპულაციების შედეგი. მომხმარებელს, ასევე, აინტერესებს, საქართველოში მოქმედი რომელი კომპანიაა რუსული წარმომავლობის და ფასთა ცვლილება ხომ არ არის გამოწვეული საგარეო ფაქტორებით, კერძოდ კი, უკრაინა-რუსეთის ომითა და მისი თანამდევი ეკონომიკური სირთულეებით.

ჩვენთან მოქმედი კომპანიების წარმომავლობასთან დაკავშირებულ მართლაც საინტერესო საკითხზე ამავე სტატიაში, თუმცა, მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ მოგიყვებით.

საქართველოს ბაზარზე არსებული ზოგადი სურათი ასეთია: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში, საერთო ჯამში, იმპორტირებულია 1 453 707 ათასი ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 7.2%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან საწვავზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ბენზინის ტიპის საწვავიდან ყველაზე მოთხოვნად სახეობას რეგულარის მარკის საწვავი წარმოადგენს, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა 64%, ხოლო საერთო იმპორტში – 34.9%.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო 2013 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამას ადასტურებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის შუალედური ანგარიში. თუმცა, პროდუქტის ფასს მხოლოდ კონკურენცია არ განსაზღვრავს, განსაკუთრებით კი, დღევანდელ პირობებში – ეროვნული ვალუტის გაუფასურების და სერიოზული გლობალური პრობლემების ფონზე.

სწორედ გლობალური ვითარებაა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, საწვავის ღირებულების მატების მიზეზი, რომელსაც თან ლარის გაცვლითი კურსის პრობლემა ერთვის.

„საწვავის ფასის ბოლოდროინდელი ზრდა კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებთან. როგორც ცნობილია, ნავთობის, ისევე როგორც პლატსის, ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქართველოში საწვავი არის 100%-ით იმპორტირებული პროდუქტი. შესაბამისად, საერთაშორისო ფასი ადგილობრივ  ბაზარზე 2-4-კვირიან შუალედში აისახება. საერთაშორისო ფასთან ერთად, საწვავზე გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა დოლართან მიმართებით. ამ ეტაპზე განხორციელებული მონიტორინგის ანალიზით, რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენას ფასზე გამოვრიცხავთ და ვთვლით, რომ ბაზარზე კონკურენცია აქტიურია.

2018 წლის 5 ივლისიდან კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე განგრძობად მონიტორინგს ახორციელებს. თუ მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთება კომპანიების მიერ კონკურენციის კანონის შესაძლო დარღვევის რისკები, სააგენტო ამ საკითხს შეისწავლის,“ – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებლებს საწვავს ნავთობიმპორტიორი კომპანიები აწვდიან და არა – ნავთობმომპოვებლები. შესაბამისად, საწვავის ფასზე მათი მხრიდან ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა მინიმალურია. როგორც ანალიტიკოსი შოთა გულბანი განმარტავს, ფაქტობრივად, ისინი მთლიანად არიან დამოკიდებულნი იმ ფასებზე, რაც საერთაშორისო ბირჟებზე ფიქსირდება.

თუმცა, ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მოქმედ იმ ნავთობკომპანიებზე, რომელთა უკანაც რუსული კომპანიები დგანან – რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტორი ფასზე ან ხომ არ წარმოქმნის მიწოდების პრობლემას იმ ეკონომიკური ბლოკადის ფონზე, რომელშიც კრემლი იმყოფება.

„ჩვენი ნავთობიმპორტიორი კომპანიები პირდაპირ ექვემდებარებიან გლობალურ ბაზარზე არსებულ ვითარებას. რაც შეეხება ღირებულების ცვალებადობას, საქართველოში ფასის ასახვას, დაახლოებით, 2 კვირა სჭირდება. ადამიანები ხშირად კითხულობენ, საერთაშორისო ბაზარზე ფასის მომატება რატომ აისახება მაშინვე ჩვენთან საწვავის ფასზე, ხოლო კლება – შედარებით გვიან. ამ შემთხვევაში, თავად კომპანიების არგუმენტი უშუალოდ ბიზნესის ლოგიკიდან გამოდის – ძვირად შეძენილ საწვავს ისინი იაფად ვერ გაყიდიან და წაგებაზე ვერ იმუშავებენ.

გარდა ამისა, დღეს ძალიან აქტუალური თემა გახდა საქართველოში მოქმედი ნავთობიმპორტიორი კომპანიები, რომლებიც რუსული ბიზნეს ჯგუფების მფლობელობაში არიან. ხომ არ შეიქმნება ამ კუთხით რაიმე გართულებები, ან ფასის ზრდის, ან მოწოდების თვალსაზრისით. ამ კითხვებს არსებობის უფლება ნამდვილად აქვთ, ვინაიდან რთულად პროგნოზირებადია ეკონომიკურ ბლოკადაში აღმოჩენილი რუსული კომპანიები ან პუტინის ავტორიტარული რეჟიმი რას მოიმოქმედებს ზარალის ასანაზღაურებლად. ლოგიკურად, მათ ინტერესში უნდა იყოს გაუფრთხილდნენ ნებისმიერ გასაღების ბაზარს. აქ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის დაბალანსებული და დიპლომატიური პოლიტიკა, რომელიც ოქროს შუალედის პრინციპით მოქმედებს და მაქსიმალურად ითვალისწინებს ქართველ მომხმარებელთა ინტერესებს.“ – აღნიშნავს შოთა გულბანი.

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების წარმომავლობისა და მფლობელების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის Forbes-ის მიერ უახლესი მონაცემებით გამოქვეყნებული სტატია. წესით, აღნიშნული ინფორმაცია ყველასათვის მარტივად ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ბაზაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგჯერ, გარკვეული მიზეზით, კომპანიების მიერ რეესტრისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულყოფილი არ არის.

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე არსებული 5 უმსხვილესი მოთამაშიდან 2-ის უკან სწორედ რუსული კომპანიები დგანან. ერთი მათგანის ვინაობა საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, ეს „ლუკოილია“, მეორე კი – „გალფი“, რომლის შესახებაც საჯარო რეესტრში მსგავსი არაფერი იძებნება.

საქართველოს ბაზარზე არსებული 5 უმსხვილესი მოთამაშის წარმომავლობისა და მფლობელების შესახებ ინფორმაცია ასეთია:

ლუკოილ ჯორჯია“

მფლობელი: „ლუკოილ ჯორჯიას“ უშუალო მფლობელია შვეიცარიაში რეგისტრირებული LITASCO SA და ის რუსული Lukoil-ის ჯგუფის წევრია.

გალფი“

მფლობელი: „გალფის” ანუ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფების უშუალო მშობელი კომპანია იყო „ენერჯი ინვესტმენტ ვენჩურ ჰოლდინგსი“, რომელიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის „პეტროკას ენერჯი ინთერნეშენალ ლიმიტედი“, რომელიც რეგისტრირებულია კვიპროსში. ჯგუფის საბოლოო მფლობელები არიან რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი” 49%-ით და ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი 38% წილით.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“

მფლობელი: ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელია „სოკარ ენერჯი ჯორჯია”, მისი საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა.

 „რომპეტროლ საქართველო“

მფლობელი: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული KMG International N.V.-ი, რომელიც ყაზახური KazMunayGaz-ის ჯგუფის წევრია. მისი საბოლოო მფლობელია ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Samruk-Kazyna.

ჯგუფი „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“

მფლობელი: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” ჯგუფის მფლობელების სია, კომპანიის 2020 წლის აუდიტირებული ანგარიშის თანახმად, ასეთი იყო:

ლევან ფხაკაძე 35.77%; სოსო ფხაკაძე 30.98%; გიორგი რამიშვილი 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი 8.25%; ალექსი თოფურია 7.12% და დევიდ ბორგერი 2.38%.

ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ქართული საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. ამ პროტესტის ფონზე, მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა რუსული კომპანიების საქართველოში ფუნქციონირების საკითხი. მათი პროდუქტის მოხმარებაზე ბევრი ადამიანი უარს ამბობს.

ფაქტია, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე არსებული ნავთობკომპანიები რიგი გამოწვევების წინაშე დგანან. საინტერესოა, ვინ როგორ გაუმკლავდება არსებულ სირთულეებს და რომელი კომპანია შეძლებს ერთგული მომხმარებლის შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები