“უკრაინაში ადამიანების ინფიცირებისთვის ვირუსებია გამოყოფილი, რომელთა ნიმუშები საქართველოშიც არის გაგზავნილი” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის, იგორ კირილოვის განცხადებით, აშშ-ის პროექტების განხორციელებისას, უკრაინის ლაბორატორიაში ვირუსების 6 ოჯახია გამოყოფილი, მათ შორის, კორონავირუსების, სამი ტიპის პათოგენური ბაქტერია, რომლებიც ყველაზე მეტად შეიძლება, იყოს გამოყენებული ადამიანების ინფიცირებისთვის.
ამის შესახებ კირილოვმა ბრიფინგზე თქვა.
მისი თქმით, პროექტ P-782-ის ძირითადი შემსრულებელი უკრაინული ლაბორატორიები იყო, რაც მოიცავდა ღამურებიდან ადამიანებზე დაავადებების გადაცემასთან დაკავშირებულ ცდებს.
კირილოვის თქმით, კვლევები სისტემური ხასიათის იყო და ტარდებოდა, სულ მცირე, 2009 წლიდან შეერთებული შტატების სპეციალისტების უშუალო ზედამხედველობით.
„ამ პროექტების განხორციელებისას ვირუსების 6 ოჯახი იქნა გამოყოფილი (მათ შორის, კორონავირუსები), ასევე, სამი ტიპის პათოგენური ბაქტერია (ჭირის, ბრუცელოზის და ლეპტოსპიროზის გამომწვევი აგენტები). ამ პათოგენების ძირითადი მახასიათებლებია ის, რომ ისინი წამლისადმი მეტად მდგრადი არიან, ცხოველებიდან ადამიანებზე სწრაფად ვრცელდებიან და ასე შემდეგ“, – განაცხადა კირილოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო უწყებას აქვს არაერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს “უკრაინაში აღებული ბიონიმუშების მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე გადაცემის შესახებ, მათ შორის გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში”.