კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორი: ჭელიძემ მთავარ კითხვებს პასუხი არ გასცა, ბრალდებულები პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულ აკო ჭელიძეს მთავარ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

გია შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებულები პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობენ.

“ბრალდებულისგან რაღაც ფორმით ინფორმაციის მოწოდებას ველოდით. მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ბრალდებული ფაქტობრივად ცდილობს მაქსიმალურად აირიდოს თავიდან პასუხისმგებლობა, მან განმარტება გააკეთა იმ ფორმით, რომ ცდილობს პასუხისმგებლობა თავად აიცილოს და ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ააცილოს მის თანამზრახველს, რომ ქმედებიდან ამორიცხონ წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა. ის მტკიცებულებები, რაც გვაქვს საქმეზე წარმოდგენილი, სავსებით სხვაზე მეტყველებს და შესაბამისად, ეს ბრალდებულის მხრიდან უსუსური მცდელობა იყო, მან კითხვებზე პასუხისგან თავი კი არ შეიკავა, არამედ კატეგორიული უარი განაცხადა პასუხებზე, მას საუბარი სურდა როგორც ბრალდების მხარის მოწმეს და ამავდროულად, პასუხი არ გაეცა ბრალდების მხარის არც ერთი კითხვისთვის. ბრალდების მხარემ ამის უფლება არ მისცა. მთავარი კითხვები, საიდან ჰქონდა მას იარაღი, რა იყო კონკრეტული მოტივი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის, სად წაიღო იარაღი, სად გადამალა, ვისთან ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებით კავშირები, ბრალდებულმა პასუხგაუცემელი დატოვა იმ იმედით, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულზე”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა ბრალდებულის განცხადების, რომლის მიხედვითაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა, პროკურორი ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე ჭელიძის მიერ მიცემული ჩვენება “აბსურდია”.

“6 თვის განმავლობაში ვაფიქსირებ პოზიციას – თუ ვინ შეუკვეთა მკვლელობა, თუ ასეთი მოხდა, რა გარემოებებში და რის გამო ჩაიდინეს აღნიშნული მკვლელობა, ამ საკითხზე უნდა ისაუბროს ბრალდებულებმა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში რაიმე ფორმით მონაწილე პირების იდენტიფიცირება-დადგენის მიზნით გამოყოფილია საქმე და გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ბრალდებულების პოზიციას, 6 თვე ველოდით მათი მხრიდან რაიმე ინფორმაციის მოწოდებას. გასულ სხდომაზე მოვისმინეთ რა თქვა მეორე ბრალდებულმა, დღევანდელ სხდომაზე მოვისმინეთ სრული აბსურდი. ბრალდებული დამეთანხმა, მე მქონა იარაღი, მე ვისროლეო და ეს რა კითხვა არისო, მაგრამ საიდან ჰქონდა, სად წაიღო, არ უპასუხა”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე საქმეში ბრალდებული აკო ჭელიძე, როგორც დაცვის მხარის მოწმე, გამოიკითხა. მან ბრალდების მხარის არცერთ კითხვას პასუხი არ გასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები