იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, პაკეტში შემავალი „მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტები ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ საკითხებს არეგულირებს.
მომხსენებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განმარტებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა”. პროექტის მიზანია შეიქმნას დაცული ტერიტორიების რეგიონული კომპლექსი დასავლეთ საქართველოს მცირე კავკასიონის ქედის საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ზომიერად ნოტიო კოლხური ტყეების დაცვისა და გონივრულად სარგებლობის მიზნით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წელს მოხდა მაჭახელის ხეობაში არსებული სიტუაციის შესწავლა და დაცული ტერიტორიის დაარსებისათვის შესატყვისი კატეგორიის შეთავაზება.
კვლევის საფუძველზე შემუშავებული იქნა მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის კანონის პროექტი. მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახელის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის აგებულება და მისი სამართლებრივი კონსტრუქცია ემთხვევა აქამდე ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებას. მათ შორის, გასულ წელს არაგვისა და თრუსოს ხეობის დაცული ლანდშაფტების შესახებ მიღებულ კანონებს. შესაბამისად წარმოდგენილი კანონპროექტიც აღნიშნული კანონების ანალოგს წარმოადგენს, მათ შორის სხვაობა მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხებშია, რომელიც ამ ლანდშაფტისთვის არის დამახასიათებელი. კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2023 წლის 1 იანვარი განისაზღვრა.