ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია და ფასები მიმდინარე წელსაც გამოწვევა იქნება.
ამის მიუხედავად, მინისტრი მარტის თვიდან ინფლაციის მაჩვენებლის კლებას პროგნოზირებს.
“ინფლაცია და ფასები მიმდინარე წელსაც გამოწვევად დარჩება. მსოფლიო ფასები რეკორდულ ნიშნულზე იყო, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნებოდა აქედან იზოლირებული. ეს ბუნებრივად აისახა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე.
მარტის თვიდან ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს, თუმცა ის ნიშნული, რომელიც გვქონდა მიზნობრივ მაჩვენებელთან – (3%-თან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო წლის ბოლოს), ამასთან დაკავშირებით პროგნოზები შეიძლება გადაიხედოს იქიდან გამომდინარე, რა მდგომარეობა იქნება მსოფლიო ეკონომიკაში და რა ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ჩვენს რეგიონში. თუმცა, დღეის მდგომარეობით შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ინფლაციას ექნება შემცირების მიმართულება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა “იმედის” ეთერში.