ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს და რამდენიმე რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ BBC იუწყება.
ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რომან აბრამოვიჩი “კრემლის ოლიგარქია”, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ: ოლეგ დერიპასკა, “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და სენატორი ანდრეი კლიშასი, VTB-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელი ვალენტინა მატვიენკო, გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ყველა მათი აქტივი დიდ ბრიტანეთში გაიყინება. ასევე, მათ ეკრძალებათ ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთა.