მამუკა მდინარაძე – სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას], „გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს“ – ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან ამას თავის არიდების მიზნით და ცოტა რთულ სიტუაციაში როცა ხარ ადამიანი, მაშინ იყენებ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი განმარტებით, აუცილებელია, სამართალდამცველთა რიგებში ერთეული დამნაშავეები იდენტიფიცირებული და დასჯილი იყვნენ, რათა სამართალდარღვევის ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სამართალდამცავები გმირულად აკეთებენ.

„ამას რაღაც მიზეზები აქვს – სუბიექტური და ობიექტური, მაგალითად, ბევრი ობიექტური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ, ერთ-ერთი მთავარი, მაგალითად, შეიძლება იყოს ის, რომ სამართალდამცველთა, სამართალდამცავ ორგანოთა შორის რაღაც სოლიდარობა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ არის ქართული ფენომენი, მსოფლიოში ასე ხდება, რომ სამართალდამცველები, ერთმანეთის მიმართ არიან სოლიდარულები. შეიძლება ჩემმა ამ ახალმა ამპლუამ და ფუნქციამ, ამ ნახევრად ხარვეზის თუ ხარვეზის აღმოფხვრის კიდევ უფრო მეტი საშუალება გააჩინოს. მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, შემთხვევით არ ვამბობ ამას – როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩემი რეაგირება მექნება და ეს კოორდინაცია. მათ შორის, კონკრეტულ მსგავს მაგალითებზე, ალბათ – დარწმუნებით შეიძლება ვერაფერი თქვა, რადგან წინასწარ მტკიცებულებები ჩასახედია კარგად, სანახავია, კოორდინაციაც განსახორციელებელია, რომ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური, სიღრმისეული შესწავლა მოხდეს და მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ხვალ, ერთი მხრივ, ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პოლიციელი, ნებისმიერი სხვა სამართალდამცველი, რასაც აკეთებს თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ და განუხრელად ვიღვაწოთ ყველამ იმისათვის, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად აკეთებენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები