მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის კუნთოვან დისტროფიაზე: მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა საჭიროა არა ემოციით, არამედ – პრაგმატული არგუმენტებით.

„მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ კონკრეტული მედიკამენტის, ელევიდისის, შესახებაც მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია და როგორც მან განმარტა, აღნიშნულ მედიკამენტზე კლინიკური კვლევები დროებით შეჩერებულია, რასაც თავისი მიზეზი აქვს.

„EMA არის წამლის სააგენტო, მნიშვნელოვანი მარეგულირებელი, მათ მითითებული აქვთ 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში შემდეგი: „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე, დაფიქსირდა გარკვეული ცვლილება, როგორც ელევიდისის მიმღებ პაციენტებში, ისე – პლაცებოს მიმღებ პაციენტებში“, – ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, 12 თვის შემდეგ,  ანუ დაკვირვების პერიოდში, კომპანიამ აცნობა EMA-ს, რომ ელევიდისის ყველა კლინიკური კვლევა დროებით შეჩერებულია და არცერთი პაციენტი აღარ იღებს მკურნალობას, ისინი, რომლებმაც უკვე მიიღეს ელევიდისი, კვლევის ფარგლებში რჩებიან მონიტორინგის ქვეშ. ესე იგი, არსებობს რაღაცა მიზეზი, რის გამოც არის რეკომენდებული, რომ ეს კვლევები გავრცელდეს.

როდესაც ისმის კითხვა – „რატომ აირჩია საქართველომ კონსერვატიული მიდგომა?“, რიტორიკულად მინდა დავსვა შეკითხვა, ვიდრე დავარქმევთ ამას ან კონსერვატიულს ან ლიბერალურს, რატომ აირჩია იგივე მიდგომა, ვთქვათ, ევროპული სახელმწიფოების უდიდესმა უმრავლესობამ?!“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები