ზელენსკი ევროპას მოუწოდებს, გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და აიძულოს კრემლი, დაასრულოს “სასტიკი ომი”
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას მოუწოდებს, გაზარდოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, გააძლიეროს ზეწოლა და აიძულოს კრემლი, დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა.
„ევროპელებო! თქვენ ვერ იტყვით, რომ არ გინახავთ, რა ხდება უკრაინელების თავს. რა ხდება მარიუპოლელების თავს. თქვენ ეს ნახეთ. შესაბამისად, თქვენ უნდა გაზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომ მას აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, გააგრძელოს ეს გენოციდი. თქვენ უნდა მოახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და დაასრულონ ეს სასტიკი ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 9 მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის, ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს ესაუბრა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა ხდება მარიუპოლში და რა ვითარებაა უკრაინის ყველა რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ რუსეთმა იგრძნოს თავისი ქმედებების შედეგები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.