The New York Times-ი უკრაინაში მოვლენების განვითარების სამ სცენარზე წერს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, მოვლენების შემდგომი განვითარების სამი სცენარი არსებობს, – წერსThe New York Times-ის მიმომხილველი, თომას ფრიდმანი.

გამოცემის ვარაუდით, პირველი სცენარი ყველაზე მძიმეა, დანარჩენი ორი – შედარებით მსუბუქი.

პირველი სცენარი:

ფრიდმანს მიაჩნია, რომ თუ დასავლეთი ვერ შეაჩერებს პუტინს, ის უკრაინის მიწასთან გასწორებას შეეცდება. ამ სცენარს შეიძლება, მოჰყვეს ისეთი მასშტაბის ომის დანაშაულებები, რაც ევროპას ნაცისტური ეპოქის შემდეგ არ უნახავს.

„თანამედროვე გლობალურ სამყაროს არასოდეს ჰქონია საქმე ლიდერთან, რომელიც ამ დონის სამხედრო დანაშაულებებში არის ბრალდებული, რომლის ქვეყანაც 11 დროის ზონას მოიცავს, იქნებოდა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი და ფლობდეს ბირთვული ქონების უდიდეს არსენალს მსოფლიოში“, – წერს ფრიდმანი.

მეორე სცენარი:

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში შევა და ორივე მხარე იძულებული იქნება, კომპრომისზე წავიდეს.

„ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარების გაყვანის სანაცვლოდ, უკრაინის აღმოსავლეთის ანკლავები, რომლებიც ამჟამად დე ფაქტო რუსეთის კონტროლს ექვემდებარება, ოფიციალურად გადაეცემა რუსეთს და უკრაინა ღიად იტყვის, რომ არასოდეს შეუერთდება ნატო-ს. ამავე დროს, აშშ და მისი მოკავშირეები შეთანხმდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა ეკონომიკური სანქციის გაუქმებაზე“, – წერს ექსპერტი.

მისი აზრით, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პუტინს დასჭირდება იმის აღიარება, რომ მან ვერ შეძლო უკრაინის რეინტეგრაციის საკუთარი ხედვის რეალიზება.

მესამე სცენარი:

ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარი მდგომარეობს იმაში, რომ რუსები აჯანყდებიან და პუტინს დაამხობენ.

“ათასობით ადამიანი უკვე გამოდის ქუჩებში პუტინის გიჟური ომის გასაპროტესტებლად. ისინი ამას საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მათი რეაქცია გვაფიქრებს, ხომ არ ილახება ერთგვარი შიშის ბარიერი და ხომ არ არის შესაძლებელი, მასობრივმა მოძრაობამ საბოლოოდ დაასრულოს პუტინის მმართველობა“, – წერს ფრიდმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები