81 წლის ასაკში კინომსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა
81 წლის ასაკში კინომსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა.
კინომსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გუჯა ბურდული დაიბადა თბილისში 1941 წლის 1 აპრილს. ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე და 1969 წლამდე სწავლობდა სამშენებლო ფაკულტეტზე. ის იყო მაშველი თბილისის ზღვაზე (1958–1969), საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი (1961–1964), აგს ოპერატორი (1964–1984). 1974 წლიდან აქტიურად იწყებს კინოროლების თამაშს, 1984 წლიდან კი ხდება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“.
„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით (2000). არის საქართველოს და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის „ნიკას“ წევრი. 2021 წელს გუჯა ბურდულს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.