რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ “ფეიკის” გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად შეიარაღებული ძალების შესახებ “ფეიკის” გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

კანონის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში პასუხისმგებელ პირებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამასთან, თუ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან თან ახლდა მტკიცებულებების გაყალბება, მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება.

თუ არასანდო ინფორმაციის გავრცელებამ სერიოზული შედეგები გამოიწვია, დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე, სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნისთვის.

გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის აკრძალვას. ამ ტიპის პირველი დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე – სისხლის სამართლებრივს, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 100-დან 300 ათას რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით.

სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ კანონს ფედერაციის საბჭო 4 მარტს განიხილავს, რის შემდეგაც მას ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები