კახა კალაძე: პირადად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ – გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს და საკუთარი სახსრებით უზრუნველვყო მათი განთავსება თბილისში

“ვიცი, უკრაინიდან ადამიანებს გაჰყავთ თავიანთი ოჯახები და საქართველო მზად არის, ეს ოჯახები მიიღოს. პირადად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად მზად ვარ, ეს ოჯახები მივიღო საქართველოში და პირადად მეც ჩავერთო, ჩემი სახსრებით და უზრუნველვყო ამ ადამიანების განთავსება და ყურადღება მივაქციოთ, ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველივე დღეებიდანვე გაეწიათ დახმარება.

“ჩვენი ქვეყანა მკაფიო პოლიტიკურ მხარდაჭერას აფიქსირებს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მიმართ. თბილისი და კიევი დაძმობილებული ქალაქები არიან, ასევე, ჩვენ გყვავს პარტნიორი ქალაქები უკრაინიდან და აუცილებლად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. შევუერთდებით ცენტრალურ ხელისუფლებას ამ წამოწყებაში. ასევე, ძალიან ბევრი ადამიანის ზარი შემოდის, ჩვენი მეგობრების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ძალიან აქტიურობენ და ყველა გამოხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ამ მხარდამჭერ აქციაში. ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით, პანდემიის დროს ძალიან აქტიურები ვიყავით ბიზნესთან ერთად, რიგით მოქალაქეებთან ერთად ხდებოდა გარკვეული პროდუქტების შეგროვება, შემდეგ ამ პროდუქტის დარიგება მოსახლეობისთვის. მინდა, ილია ელოშვილს დავავალო ანალოგიურად მოხდეს კონკრეტული ადგილის გახსნა, სადაც ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ამ აქციაში და შეუერთდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს. ბიზნესიც გამოთქვამს სრულ მზადყოფნას. ასევე მინდა შეგახსენოთ, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, პირველივე დღეებიდანვე გაეწიათ დახმარება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მათი განთავსება სასტუმროებში და კვებით უზრუნველყოფა. ჩვენ ჩვენის მხრივ გვინდა ჩავერთოთ ამ ღონისძიებებში. ვიცი, რა განცხადებებიც იქნა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინიდან ადამიანებს გაჰყავთ თავიანთი ოჯახები და საქართველო მზად არის, ეს ოჯახები მიიღოს. პირადად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად მზად ვარ, ეს ოჯახები მივიღო საქართველოში და პირადად მეც ჩავერთო, ჩემი სახსრებით და უზრუნველვყო ამ ადამიანების განთავსება და ყურადღება მივაქციოთ, ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში. გამოვიჩინოთ მაქსიმალური თანადგომა, მაქსიმალური მხარდაჭერა ამ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები