დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის პერიოდის ოპტიმიზაცია განიხილა
ფარმაცევტული პროდუქციის რეგისტრაციის პერიოდის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკურ პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკითხის წარდგენისას აღნიშნა, რომ ცვლილების შესაბამისად ფარმაცევტული პროდუქციის აღიარებული რეჟიმით რეგისტრაციის პერიოდი 15 სამუშაო დღიდან 7 სამუშაო დღემდე შემოკლდება. ხოლო, როდესაც საქმე ეხება განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის პირველად შემოტანისთვის ნებართვის გაცემას, ვადა 10 დღიდან 5 სამუშაო დღემდე შემცირდება.
„დღეს არსებული 15 და 10 დღე, რომლის შემცირებაც ახლა ხდება, გასულ წელს ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ჩაიწერა კანონში, რადგან რეგულირების სააგენტოს ტექნიკური რესურსი არ იყო საკმარისი, რომ განაცხადები დადგენილ 7 და 5 დღის ვადაში განეხილათ. ამდენად, ეს ვადა სწორედ მაშინ გახანგრძლივდა. ამჟამად, ერთი, რომ ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ეს საკითხი ამოწურულია და რეგულირების სააგენტოს რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს განაცხადების განხილვა, და მეორე – ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების და იმპორტიორებისთვის ხელშეწყობის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე დაშვებისთვის განსაზღვრული ვადა იყოს ოპტიმალური და მათ არ მოუხდეთ დამატებითი ხარჯების გაწევა საბაჟო ტერმინალზე პროდუქტების შენახვისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას.
კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, რომელიც ერთიან ბაზარზე სურსათზე ფასების რეგულირებას ეხება. მომხსენებელმა სხვადასხვა ქალაქში, უბანსა თუ მაღაზიაში ერთსა და იმავე პროდუქტზე სხვადასხვა ფასებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით ბარ-რესტორნებსა და კაფეებშიც ცუდად ეპყრობიან ტურისტებს, რაც უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკაზე, ასევე ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე.
საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განცხადა: „ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც საქართველოს კანონმდებლობით დაცულია თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პირობები, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.
ამასთან საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. რაც შეეხება საკანონმდებლო წინადადებას, კომიტეტისთვის ცნობილია საქართველოს მთავრობისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უარყოფითი პოზიციები მასთან დაკავშირებით“.
აქედან გამომდინარე ავტორს უარი ეთქვა საკანონმდებლო წინადადების განხილვაზე.
კომიტეტმა სხდომაზე მოისმინა სამშენებლო სფეროს რეგულაციების, გამოწვევებისა და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესის შესახებ საპარლამენტო მოკვლევის პირველი ეტაპის ანგარიში.
კომიტეტი მოკვლევას ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტთან (NDI) ერთად აწარმოებს. NDI – საქართველო პროგრამის ოფიცერმა, გვანცა ნადირაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა კვლევის მთავარ მიმართულებებზე და მიგნებებზე, რომელიც მოიცავს არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასებას, გამოწვევებს და საჭიროებებს, ასევე ახალი რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით პრობლემების გამოვლენას. მომხსენებელმა ისაუბრა ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიაზეც.
„მშენებლობის სექტორი არის ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, აქედან გამომდინარე ჩვენი კომიტეტის დღის წესრიგშიც აქტიურად დგას ამ სექტორში არსებული გამოწვევები. ამიტომ ვთხოვეთ NDI – ს დახმარება, დაგვეწყო ამ საკითხზე მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაიწყო, რომელსაც აქვს შემდგომი გაგრძელებები. კოლეგებს გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა დარგის გაუმჯობესებასა და განვითარებაში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.