“რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა – რომ რამდენიმე საათში კიევი მათი იქნებოდა და დაბომბვით და ტერიტორიაზე შეჭრით უკრაინას აიძულებდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა”,- ამის შესახებ შეიარაღებული ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ კაპანაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს შეეძლო მუდმივი დაძაბულობით უკრაინაში ხალხის მხრიდან ხელისუფლების ცვლილება გამოეწვია, მაგრამ რუსეთმა უკრაინის განადგურების სტრატეგია აირჩია.
“საომარი მოქმედებების დაწყება პოლიტიკური საკითხია და კიდევ რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას, რომ ეს შეეჩერებინა, არ ვიცი. ამის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა. მაშინ უნდა დანებებოდა. დასავლეთსაც მეტი უნდა მოენდომებინა, რომ ეს არ დაეშვა, მეტად უნდა შეეიარაღებინა უკრაინა, რომ შემაკავებელი ფაქტორი გაეძლიერებინა. სანქციები თავისთავად მკაცრი უნდა იყოს. ვითარება იმიტომ არის ასეთი მძიმე, რომ სამმა დაჯგუფებამ, რომლებიც დაუსრულებელ სწავლებას გადიოდნენ, განახორციელა დაგეგმილი, ოპერატიული ხელოვნების შესაბამისად გაწერილი, თითქმის ქრესტომათიული მოქმედებები მასირებული საავიაციო, სარაკეტო, საარტილერიო და სატანკო დარტყმებით. თუმცა, რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა – რომ რამდენიმე საათში კიევი მათი იქნებოდა და ამ დაბომბვით და ტერიტორიაზე შეჭრით უკრაინას აიძულებდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა.
მთავარი დაცვის მიმართულება იყო დონეცკი-ლუგანსკის მიმართულება. ხარკოვი-ლუგანსკის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა გარღვევა, რის შემდეგაც იგეგმებოდა დასავლეთის დაჯგუფების მეორე ოპერატიული ეშელონის შესვლა, რომელიც უფრო სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედებდა ამოცანის შესასრულებლად. რაკი ეს ვერ მოხერხდა, ღამის განმავლობაში მოხდა გადაჯგუფება და კიევი გახდა დარტყმის მთავარი მიმართულება. გაძლიერდა საჰაერო, სადესანტო, საარტილერიო მოქმედებები.
კიევი სამმილიონიანი ქალაქია, ძალიან დიდი ფართობით და ასეთი ადვილი არ არის მისი აღება, თან ერთია აღება და მეორე – მისი შენარჩუნება. კიევში რომ დიდი წინააღმდეგობა დახვდებოდა რუსეთს, ორი აზრი არ არსებობს. დედაქალაქი რომც აიღონ, მათ ჯერ მოუწევთ იქაურობის გაწმენდა, მერე უნდა დააყენონ საკომენდატო გარნიზონი და თვითონ იქნებიან ვალდებული, მოამარაგონ ქალაქი საკვებით, გაუწიონ სანიტარიული და სამედიცინო მომსახურება. რუსეთის მარიონეტის ხელისუფლებაში მოყვანა არ ნიშნავს, რომ უკრაინა მას გვერდით დაუდგება. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის დანაკარგიც არ არის მცირე.
ახლა უკრაინას სჭირდება მყისიერი მატერიალური და ტექნიკური დახმარება. ოდესმე ვიღაცას ბანკებში ფული რომ გაეყინება, ამას ვერ დაელოდება ბარიკადებს ამოფარებული უკრაინელი. ჯავშანტექნიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდებაზე კარგი ახლა არაფერი იქნება… დასავლეთს შეუძლია არალეტალური იარაღი მიაწოდოს, მაგალითად, ელექტრონული ბრძოლის დანადგარები, სადგურები, სახმელეთო დაზვერვის საშუალებები, საინჟინრო საშუალებები. ეს იქნება დიდი მორალური დახმარება იმ ხალხის, რომელიც ახლა იქ დგას იარაღით ხელში და მეორეც, ეს ისეთი დახმარება იქნება, რომელსაც უკრაინა კარგად გამოიყენებს თავდაცვისთვის. ყველაზე ცუდი იქნება, აიძულონ კიევის ხელისუფლება, ხელი მოაწეროს მინსკის შეთანხმებას, რომ არასდროს გაწევრდება ნატოში და, ამავე დროს, წაიღონ დონეცკი-ლუგანსკის მიმართულება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება მარიუპოლის მიმართულებაც წაიღონ. თუ კიევმა კაპიტულაცია გამოაცხადა, არა მგონია, ოდესა აიღონ, შავი ზღვიდან მოკვეთონ უკრაინა და მიიერთონ. მეორე სცენარით შეიძლება კიევის დაკარგვის შემთხვევაში უკრაინამ გააგრძელოს პარტიზანული ბრძოლა. რუსეთს არ აქვს იმდენი ძალა, ყველა ქალაქში თავისი გარნიზონი ჩააყენოს. ნაკლებად მძიმე შედეგად მიმაჩნია, რუსეთმა მოაწეროს ხელი უკრაინასთან შეთანხმებას, თუმცა წაიღოს დონეცკი და ლუგანსკი მთლიანად, ადმინისტრაციული საზღვრის ჩათვლით. სამწუხაროდ, რაც მოხდა, ამას უკრაინა ელოდა.
რუსეთს შეეძლო მუდმივ დაძაბულობაში ჰყოლოდა უკრაინა, გაეგრძელებინა ეს ვითომ სწავლებები, რასაც აქამდე აკეთებდა, მუდმივი მოლოდინი ყოფილიყო, რომ რუსეთი საომარ მოქმედებებს დაიწყებდა და ასე გადაეღალა მოსახლეობა. როცა ქვეყანა ასეთი დაძაბულია, იქ ინვესტიციები არ ჩაიდება, ეკონომიკა სუსტდება. ასე დასუსტებულ უკრაინაში შეეძლო, ხელისუფლების ცვლილებაც კი გამოეწვია – ამას თვითონ ხალხი გააკეთებდა, მაგრამ რუსეთმა უკრაინის განადგურების სტრატეგია აირჩია. ეს არ არის სრულმასშტაბიანი ომი, ეს არის ფართომასშტაბიანი ომი. სრულმასშტაბიანი ომის დროს არანაირი შეზღუდვა არ არის. მადლობა ღმერთს, ბირთვული იარაღი არ გამოუყენებია და არც მგონია, ეს გააკეთოს, რადგან ეს მსოფლიოზე დარტყმას ნიშნავს. ნატოს შესაძლებლობები მრავალჯერ აღემატება რუსეთის შესაძლებლობებს, მაგრამ ზელენსკის იმედგაცრუება ეტყობა. მან თქვა, 28 ქვეყნის წარმომადგენლებს მივმართე ნატოში ჩვენი მიღების შესახებ, მაგრამ არაფერს ამბობენ, ჩუმად არიანო. გამორიცხული არ არის, ნეიტრალიტეტის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რათა ომი შეწყდეს, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება”,- განაცხადა კაპანაძემ.