“რამდენიმე წუთის წინ მე დავასრულე საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან და მასთან საუბრის საკითხიც იყო უკრაინის კრიზისი. ასევე, აგრესიის დაუყოვნებლივ შეჩერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ევროკავშირი არის საქართველოსთან ერთად.
“ევროკავშირი არის საქართველოსთან ერთად. მე ეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დამიდასტურა და განაცხადა, რომ სოლიდარობა, რომელიც საქართველომ გამოამჟღავნა უკრაინის მიმართ, არის ძალიან კარგად დანახული და დაფასებული ბრიუსელში და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ასევე, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებსა და იმ ერთიანობაზე, რომელიც აუცილებელია, რომ იყოს გამოვლენილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
გარდა ამისა, მე მქონდა საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან. ბუნებრივია, იყო საუბარი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერაზე. ყველა აცნობიერებს, რომ თუ რუსეთის აგრესია უკრაინაში იქნება წარმატებული, ეს თავდაყირა დააყენებს საერთაშორისო საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ერთნი იმისთვის, რომ არ იქნეს დაშვებული აგრესიის შემდგომი განხორციელება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.