ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის რადიკალური ნაწილის რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის საწინააღმდეგოდაა მიმართული
“ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციების შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შესაძლებელია, იყოს ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობა” საქართველო-რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის მატჩზე პროვოკაციას გეგმავს.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილის რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, რადგან მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. რეგიონისა და გლობალურ დონეზე არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, ამ სიტუაციის საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა დანაყოფები უკრაინის მხარდამჭერ არცერთ დოკუმენტს არ უერთდებიან. პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხორციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული რუსული სცენარის ნაწილია. მოვუწოდებ მათ დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა და ამ ურთულეს სიტუაციაში მაინც იმოქმედონ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან დღეს ნამდვილად არ არის შიდაპარტიული, აბსოლუტურად უშედეგო კინკლაობის დრო. ეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.