ვახტანგ გომელაური: გასულ წელს დანაშაულის რაოდენობის კლება გაგრძელდა – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი გაზრდილია 50%-მდე
გასულ წელს დანაშაულის რაოდენობის კლება გაგრძელდა – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი გაზრდილია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან გამართულ სამუშაო თათბირზე დანაშაულის სტატისტიკური მონაცემების განხილვისას განაცხადა.
„2021 წელი, მე მგონი, კარგად დავხურეთ, შედარებით შემცირებულია დანაშაულის რაოდენობაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 50 %-მდეა გაზრდილი და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი თქვენი, თქვენი თანამშრომლების, გამომძიებლების, ოპერატიული მიმართულებით მუშაობის. ეს არის თქვენი და თქვენი თანამშრომლების დამსახურება და მინდა, ყველას მადლობა გითხრათ. ასე უნდა გავაგრძელოთ 2022 წელსაც – მინიმუმ, უნდა შევინარჩუნოთ და მაქსიმუმ, უნდა გავზარდოთ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.