ირაკლი შოთაძე: სისტემის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების ინფორმირებაა ჩვენი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით. სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები 2021 წელს, რაც გამოიხატა ჩვენ მიერ პრაქტიკულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებებისა თუ ჩატარებული ბრიფინგების უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობაში. ამის პარალელურად, სამწუხაროდ, მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულ ხასიათს ატარებს.

აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურისა და, ზოგადად, მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას, ამავდროულად, ჩვენი, პროკურორების დემოტივაციასა და ჩვენს საქმიანობაზე ხელშეშლის მიზნით, გავლენის მოხდენის მცდელობას. თუმცა, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ამ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება, ჩვენ ჩვენს საქმეს კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად აღვასრულოთ და მივაწოდოთ საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამ მიმართულებით უწყება აპირებს აქტიურად მუშაობას, რომ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გავლენა არ მოახდინოს საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები