„GWP”-ს უჩვეულო რეკომენდაცია: წყლის მილების დასათბობად ეზოებსა და სარდაფებში ცეცხლი დაანთეთ

სასმელი წყლის გარეშე დარჩენილ თბილისელებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ურჩევს,  წყლის მილების დასათბობად ეზოებსა და სარდაფებში ცეცხლი დაანთონ.  კომპანია მოსახლეობას კიდევ ერთ რეკომენდაციას აძლევს, მილებს ადუღებული წყალი არ დაასხან, რადგან ეს მათ დაზიანებას გამოიწვევს.
„ჩვენი რეკომენდაცია სასურველია გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს, ან საქმიანობს კერძო სახლებში, თბილისურ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, მათ უნდა შეფუთონ ან ცეცხლი დაანთონ წყალსადენის მიწისზედა ქსელებზე, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. ასევე, ვთხოვთ თბილისელებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში“,- განუცხადეს „კვირას“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.
თუმცა, კომპანიაში არ განმარტავენ, რამდენად მოსახერხებელია, ცეცხლის დანთების შედეგად, მილების გათბობის ეს მეთოდი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფებში.   „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქში სასმელი წყლის მილების მწყობრიდან გამოსვლაზე პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს და თითს „ამხანაგობებისკენ“ იშვერს.
images-cms-image-000021221„მილების ცეცხლით დათბობაზე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების ეზოებში, „ამხანაგობებს“ და მათ თავმჯდომარეს უნდა ეზრუნა“, – განუცხადა „კვირას“ კომპანიის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ  თბილისში ძლიერი ყინვის გამო, სასმელი წყლის მილები დაზიანდა. გზატკეცილებზე დაზიანებული მილებიდან წყლის ნიაღვარი ქუჩაში მიედინება, თბილისელები კი უწყლოდ არიან დარჩენილები. გზებზე გაყინული წყლის ნიაღვარი ფეხით მოსიარულეებს საშიშროებას უქმნის. უწყლობის გამო დედაქალაქის მაღაზიებში სასმელი წყლის დეფიციტია. თბილისელები სასმელ  წყალს მაღაზიებში მასობრივად ყიდულობენ.
„ბუნებრივი სასმელი წყლის მარაგი, რაც მქონდა, მაღაზიაში გავყიდე, დისტრიბუტორებს რამდენჯერმე დავურეკე და  წყალი მოვატანინე. მთელი დღეა ხალხს სახლებში წყალი არ აქვთ და მაღაზიებში ყიდულობენ. მოსახლეობა 5 -ლიტრიან სასმელი წყლის „ბოცებს“ ისტერიულად ყიდულობს, რა ქნან, სახლში წყალი არ მოდის და უწყლოდ ხომ არ დაიხოცებიან?“, – განუცხადა „კვირას“ თბილისის ერთ-ერთი მარკეტის გამყიდველმა ზაიარა ტყებუჩავამ.
მისი თქმით, ბუნებრივ სასმელ წყალზე დიდი მოთხოვნაა, სხვა სუპერმარკეტებშიც იგივე ვითარებაა.
უწყლობის გამო, მოსახლეობა დედაქალაქის სხვადასხვა უბნიდან ინფორმაციას აწვდის კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 931111. თუმცა, ცხელი ხაზის ოპერატორები დაზარალებულ აბონენტებს მხოლოდ იშვიათად,  რამდენიმეწუთიანი მუსიკალური ჰანგების შემდეგ პასუხობენ.
როგორც „კვირას“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუცხადეს, კომპანიის ცხელ ხაზზე თებერვლის დასაწყისში, დედაქალაქის სხვადასხვა უბნიდან 22 750 უკმაყოფილო მოქალაქის ზარი დაფიქსირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ძლიერი ყინვის დღეებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის ის ნაწილი, რომელიც თბილისურ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს, ან სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და მათ სასმელი წყალი ღია კომუნიკაციით მიეწოდებათ.
„ხშირად აბონენტები კომპანიას მიმართავენ დახმარებისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კი იძულებულია, დიდი არეალი გათიშოს, რომ მობინადრემ საკუთარი ქსელის შეკეთება შეძლოს. ამ ტიპის პრობლემამ განსაკუთრებით თავი იჩინა: თბილისის კერძო დასახლებებში, მთაწმინდა-კრწანისში, სოლოლაკში, ვერაზე, დიდუბე-ჩუღურეთში, და მრავლად – თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებსა და დასახლებებში“, – ამბობენ კომპანიაში.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები