ისნის რაიონში ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი გაიხსნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვაზისუბნის დასახლებაში, ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძის სახელობის სკვერის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლეგენდარული ქართველი მფრინავის სახელობის სკვერმა, ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ახალი სიცოცხლე შეიძინა_ ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გაფართოვდა რეკრეაციული სივრცე, და დაიდგა მემორიალური დაფა.

“კობა კობალაძესთან ერთად, ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ მმართველი პარტიის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ისნის რაიონში დავით ხაბეიშვილი და ბექა მენთეშაშვილი და ვეტერანები.

ინფორმაციისთვის, პოლკოვნიკი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949 წლის 3 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში დაიბადა. ავღანეთის ომის მონაწილე, უშიშარი მფრინავი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა. საომარი მოქმედებების ზონიდან მან სამშვიდობოს გამოიყვანა 1500 ადამიანზე მეტი. მისი ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის, აფხაზ სეპარატისტებსა და რუსებს, რომლებიც მას ”შავ პოლკოვნიკს”, უწოდებდნენ, ჯილდოდ, ათასობით მანეთი ჰქონდათ დაწესებული. 1992 წლის 26 დეკემბერს, ქართველი მფრინავის საბრძოლო ვერტმფრენი „МИ-24″ მდინარე კოდორის ხეობაში პატრულირებდა, როცა აფხაზების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საარტილერიო ქვემეხის ხმა გაისმა; ჯიმი მაისურაძის ვერტმფრენი, ლესელიძესა და “ვლადიმიროვკას”ტერიტორიაზე განთავსებულ სასაფლაოსთან ჩამოვარდა, საიდანაც მეომრებმა პილოტი გადმოიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

გმირი მფრინავის საფლავზე, დღემდე დგას ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მეგობარმა მის საფლავზე დასვა.

ჯიმი მაისურაძის სამი ვაჟიდან ორი, გმირი მამის კვალს გაჰყვა _ დღეს, ისინი, უკვე, პროფესიონალი მფრინავები არიან.

ლეგენდარული ქართველი მფრინავი ჯიმი მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები