„თელავი ძალიან მშვიდი და ლამაზი ქალაქია. სწორედ ეს მაძლევს მუშაობის უდიდეს ძალას“ – მარი ლევაშენკოს მკვეთრი ფერები და სანათები – ღვინის ბოთლებისგან

დაიბადა თელავში. თელავშივე დაამთავრა სამხატვრო სკოლა, შემდეგ – სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის სახელოსნო.
ხატავ 2 წლიდან. ამბობს, რომ ხატვაზე საინტერესო საქმიანობა მისთვის დღემდე არაფერია. ასევე  გატაცებულია ძველი ნივთების მოხატვით. ახალ სიცოცხლეს სძენს: სკივრებს, რადიოლებს, ჩემოდნებს, საკერავ მანქანებს, ღვინის ბოთლებს…
„ხატვა ჩემთვის არის ყოველდღიურობაც, ჰობიც და პროფესიაც“. – მარი ლევაშენკოს პერსონა.

– გავიზარდე და ვცხოვრობ თელავში. როგორც დედა ამბობდა, ორი წლიდან ვხატავდი. ხატვაზე საინტერესო საქმიანობა ჩემთვის დღემდე არაფერია. დედაც ხატავდა და ეს უნარი ალბათ მისგან მივიღე. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციების თვალიერება და, როგორც შემეძლო, მათი ნამუშევრების „ასლების“ გაკეთება.
–  თელავის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეთ, შემდეგ სახელმწიფო აკადემია. რა იყო საინტერესო ამ პერიოდში? რა შეგძინათ ამ წლებმა?
– ჩემთვის ორივე სასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში. ორივე სასწავლებელში ძალიან საინტერესო და დიდი პროფესიული ზრდა მივიღე. მყავდნენ გულისხმიერი და პროფესიონალი პედაგოგები, შევიძინე ახლო მეგობრები.
– ფერების სიმფონია… გავიფიქრე, როცა  თქვენი ნამუშევრები ვნახე…  როგორ ხდება „კავშირი“ ფერებთან?
– მახსოვს, აკადემიაში სწავლის დროს ზოგი აღიშნავდა ჩემი ნამუშევრების ფერების სიმკვეთრეს, რასაც მაშინ ცოტა უარყოფითად აღვიქვამდი, მაგრამ წლებთან ერთად მეტი თავდაჯერებულობა მომცა სწორედ ფერების სიმრავლემ და სიმკვეთრემ.
– წინასწარ იცით, რას დახატავთ თუ პროცესში იკვეთება?
– ხშირად წინასწარ მაქვს გონებაში მონახაზი, თუმცა ხატვის პროცესში უფრო სხვა სახეს იღებს ნამუშევარი.
–   საინტერესო ისტორია…
–   ხშირად მინახავს სიზმარში ნამუშევარი და შემდეგ რეალობაში გადმომიცია ფურცელზე…
–   ძველი ავეჯის  – სკივრების, რადიოლების, ჩემოდნების, საკერავი მანქანების… მოხატვისას, როცა ძველს უბრუნებთ სიცოცხლეს, რა  განცდა გაქვთ…    რომელი ნამუშევარი გიყვართ თავად?
– ძალიან მსიამოვნებს ძველი ნივთებისთვის ახალი სახის და დანიშნულების მიცემა. ჩემთვის ყველა ნამუშევარი ძვირფასია. მით უფრო ისინი, რომლებსაც გამოუჩნდებათ ხოლმე მყიდველი და ჩემთან აღარაა.
 თელავი, მისი ულამაზესი ბუნება ალბათ შთაგონებას აასმაგებს…
– თელავი ძალიან მშვიდი და ლამაზი ქალაქია. სწორედ ეს გარემოება მაძლევს მუშაობის უდიდეს ძალას.
– აკეთებთ სანათებს ღვინის ბოთლებისგან,  ჩანთებს…
– სანათის გაკეთებისას ვამუშავებ მოსახატ ნივთს. ელექტრობის მოწყობილობისთვის სპეციალური იარაღით ვიღებ მინის ჭურჭლის გარკვეულ ნაწილს. მოვხატავ ჭურჭელს, შემდეგ სანათის ქუდს. მოხატვის შემდეგ გავმართავ ელექტრობას და სანათიც მზადაა.
– ოჯახს თავისი დრო სჭირდება…
– მყავს მეუღლე და ერთი შვილი – იოანე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება, ხატვას მაინც ვახერხებ.
– ხატვა არის…
– ხატვა ჩემთვის არის ყოველდღიურობაც, ჰობიც და პროფესიაც.
– სამომავლო გეგმები.
–  სამომავლო გეგმებიც, რა თქმა უნდა, ხატვას უკავშირდება. ვფიქრობ, სოციალური ქსელები გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო ფართო აუდიტორიამ გამიცნოს, როგორც მხატვარი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები