მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „დიდებულ მოლდოვას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს პარტია „დიდებული მოლდოვა“, რომელიც უკანონო დაფინანსების მიღებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, ქვეყნის პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურსა და დაზვერვას აქვს მტკიცებულებები, რომ პარტია „დიდებული მოლდოვა“ დაფინანსების მისაღებად უკანონო წყაროებს და უცხო ქვეყნების სახსრებს იყენებდა.

ამასთან ერთად, პარტიის წევრები ეჭვმიტანილები არიან ამომრჩევლებისთვის ფული დარიგებაში, რათა ზეგავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგებზე. მოლდოვის ხელისუფლება ასევე ეჭვობს, რომ პარტია „დიდებული მოლდოვა“ მოქმედებდა როგორც ქვეყანაში აკრძალული პარტიის, „შორის“ მემკვიდრე ორგანიზაცია.

პარტიის ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პროკურორმა ვიქტორია ფურტუნემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მიკერძოებული უწოდა და მისი გასაჩივრების პირობა დადო. ფურტუნეს წინააღმდეგ სანქციები დაწესებული აქვს ევროკავშირს. მას მოლდოვიდან გახიზნული ოლიგარქის, ილან შორის მხარდაჭერაში ედება ბრალი.

მანამდე მოლდოვის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს პარტია „მოლდოვის გულს“, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პრორუსულ ბლოკში შედიოდა.

საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 28 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების წინ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოქალაქეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს. სანდუს თქმით, არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში მოლდოვა მოწყდება ევროპას და შესაძლოა გადაიქცეს პლაცდარმად ოდესის ოლქში რუსეთის სამხედრო ოპერაციისთვის.

თავის მხრივ, რუსეთში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები