“ანდორის მაღალმთიანი კულინარიის ფესტივალზე ჩვენი პრეზენტაციის შემდეგ მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს მხოლოდ კულინარია არ იყო, ეს იყო ქვეყნის გაცნობა”- ქეთი კვიჭიძე

“ანდორის მაღალმთიანი კულინარიის ფესტივალზე ჩვენი პრეზენტაციის შემდეგ მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს მხოლოდ კულინარია არ იყო , ეს იყო ქვეყნის გაცნობა”- ამის შესახებ „გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კვიჭიძემ ანდორაში გამართულ, მაღალმთიანი კულინარიის ფესტივალის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ქართველი შეფებიც მონაწილეობდნენ.

“ანდორის მაღალმთიანი კულინარიის ფესტივალზე მიწვეულები ვიყავით ჩვენი, “გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციით”. დადუნა ღლონტი მონაწილეობდა, როგორც ჩვენი ასოციაციის თანადამფუძნებელია, ასევე მას გუდაურში თავისი რესტორანი აქვს და რადგან მაღალმთიანი კულინარიის ფესტივალი იყო, ეს ზუსტად ეხმიანებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი იყო. ანდორა ძალიან პატარა ქალაქი – ქვეყანაა, მაგრამ მნიშვნელოვანია , რომ წელიწადში 10 მილიონ ტურისტს იღებს. მაღალმთიანი კურორტია. მათმა მთავრობამ დაგეგმა, რომ გასტრონომიის განვითარება დაიწყონ და უკვე მეოთხე წელია რაც ფესტივალი Andorra Taste ტარდება, რომლის ორგანიზატორები ესპანელები არიან, რომლებიც ასევე Madrid Fusión-ის ორგანიზატორებიც არიან. ფესტივალს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები ესწრებოდნენ, კომუნიკაცია უშუალოდ შეფებთან ხდებოდა. ეს ფესტივალი შედარებით უფრო პატარაა ვიდრე, Madrid Fusión და სხვები, მაგრამ აქ გასტრონომიული სფეროს უფრო დაახლოება ხდება , ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები წამოვიღეთ, მნიშვნელოვანმა ექსპერტებმა გაგვიცნეს. ფესტივალს ესწრებოდნენ ჟურნალისტები, food კრიტიკოსები, მათ საშუალება ჰქონდათ, რომ საქართველოს შესახებ გაეგოთ, კერძები დაეგემოვნებინათ. პირველ დღეს VIP გალა – ვახშამი გაიმართა, რომელსაც ანდორის მთავრობა, food კრიტიკოსები, ჟურნალისტები, მიშლენის შეფები ესწრებოდნენ. აქ საუბარია სამ, ორ მიშლენიან შეფებზე.

რაც შეეხება ჩვენს პრეზენტაციას, რომელიც დადუნა ღლონტმა შეფ ირაკლი თოდაძესთან ერთად წარადგინა: საქართველოს რუკა გვქონდა გამოტანილი, დამსწრეებს ჯერ საქართველო გავაცანით, თუ სად მდებარეობს, რა ქვეყანაა, რა პროდუქტები გვაქვს, მის გასტრონომიაზე ვისაუბრეთ. როდესაც პრეზენტაცია დასრულდა, ყველა მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ კულინარია , ეს ქვეყნის გაცნობა იყო . ძალიან მნიშვნელოვანი იყო , რომ მათ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს. ყველა მოდიოდა და გვეუბნებოდა, ეს რა ქვეყანა ყოფილა, გვინდა, გესტუმროთო და ამაზე მეტი წარმატება, არ ვიცი. ჩვენ გავაკეთეთ ხინკლის პრეზენტაცია, როგორც მზის სიმბოლოსი, სახელწოდება ასე გვქონდა, რადგან ხინკალი ტრადიციულად მზის ფორმისაა, ბორჯღალოს ფორმა აქვს. ხინკლის, მთის ტრადიციებზე ვისაუბრეთ, თუ რა პროდუქტებისგან შედგება. ხინკალი მოვამზადეთ არა მარტო ხორცისგან, არამედ მოვამზადეთ ნადუღისგან, ასევე ნიგვზით და ნივრით, ასევე შიბუთი, როგორც ხევსურეთში მზადდება. ტრადიციები არ დავარღვიეთ და მრავალფეროვნება ვანახვეთ. ამის გარდა, ვახშამზე მთის, მდინარის კალმახი მოვამზადეთ. სხვათა შორის, იქაც იშვიათობა ყოფილა და ძლივს მოიპოვეს, გავაკეთეთ მწვანე სოუსი, ტარხუნით და სხვადასხვა გემოთი, რადგან ყაზბეგში ველურად ქაცვი უხვად გვაქვს, შეფებმა მიშლენურად ქაცვის ქაფი გააკეთეს, რამაც აღფრთოვანება დაიმსახურა, იმიტომ, რომ ინტენსიური გემოები იყო. სხვათა შორის, ჩვენი გასტრონომიისთვისაა დამახასიათებელი ბევრი მწვანილის, სუნელების, წიწაკის გამოყენება, რაც ევროპული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი უფრო არ არის.

მნიშვნელოვანია კიდევ ის , რომ მოგეხსენებათ, ნორვეგიული სამზარეულო მოწინავეა თავისი ტექნიკებით და ისინი კულუარულ საუბრებში გვეუბნებოდნენ, საქართველოს აქვს პოტენციალი, ახალ ნორვეგიად გახდესო, ანუ რადგან ყველა ახალ ქვეყნებს და ახალ პროდუქტებს ეძებს, საქართველოს ზუსტად ეს პოტენციალი აქვსო”- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები