“წელს, რეალურად, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა, მართლაც, კარგი წელი იყო”- „გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი ზაფხულის ტურისტულ სეზონს აფასებს

„გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი, ქეთი კვიჭიძე, ზაფხულის ტურისტულ სეზონს აფასებს. როგორც კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წლევანდელ ტურისტულ სეზონზე საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვია და შეიძლება, ითქვას, რომ კარგი წელი იყო.

“წელს, რეალურად, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავდა, შეიძლება ითქვას, რომ, მართლაც, კარგი წელი იყო. სხვადასხვა რეგიონთან მაქვს კომუნიკაცია. გასტრონომიულად არის ადგილები, სადაც ძალიან კარგი სეზონი იყო. ასევე არის ადგილები, მაგალითად, სამეგრელოში მქონდა კომუნიკაცია, სადაც მითხრეს, რომ ბევრი ხალხის მიუხედავად , შემოსავლების მხრივ წინა წელი სჯობდა, მაგრამ ახლა სექტემბერში ძალიან კარგი დატვირთვაა. რეალურად, კარგად შევაფასებდი, ნამდვილად კარგი წელი იყო.

წელს მრავლად, აზიელი ტურისტები გვყავს. ინდოეთიდან და ჩინეთიდან ბევრნი არიან. ზოგადად, მათთვის გასტრონომია ნაკლებად საინტერესოა, უფრო თავის კერძებს არიან მიჩვეულები, მაგრამ აქაც შეგვიძლია, ვიმუშაოთ. რეალურად სამუშაო არის, რადგან მაგალითად, მე მყავდნენ ინდოელი ტურისტები, რომლებსაც ღვინოც კი აინტერესებდათ. ღვინის ინტერესით ასევე თურქებიც იყვნენ. სამუშაოა, რომ ნიშა ვიპოვოთ, თუ რა შევთავაზოთ მათ. ჩვენ მრავალფეროვანი კერძები გვაქვს, ინდურ სამზარეულოსთან ძალიან ახლოსაა ფხალეული, საცივი. ფაქტობრივად, მათ სამზარეულოს ჰგავს და შეგვიძლია, ამ კუთხით მივუდგეთ. შევთავაზოთ იგივე პური, რომელიც ინდურადაც პურია. თუ უფრო მეტი კომუნიკაცია გვექნება, ვეტყვით, რომ ჩვენი სამზარეულო მათ სამზარეულოს ძალიან ჰგავს. შეიძლება, პირიქით, დაინტერესდნენ. ანუ, სხვანაირი მარკეტინგული კომუნიკაციაა წასაყვანი და ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ისინიც მოვიზიდოთ და ძალიან საინტერესოდ შეიძლება, შეიფუთოს ინდოელებისთვისაც, რადგან წელს ძალიან ბევრნი იყვნენ. ჩვენი ბაზრები ძირითადად არის ევროპა,ამერიკა. სხვათა შორის, წელს შევამჩნიე, რომ სტუმრები ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან გვყავდა, რაც ნამდვილად ძალიან გასახარია. ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან სტუმრების ჩამოყვანა მომავალი წლისთვისაც დაიგეგმა. ეს ძალიან კარგია”- განაცხადა კვიჭიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები